საზოგადოება
10/02/2021
ხელოვნური ტბა, სკეიტპარკი, ველობილიკები - თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკი მოეწყობა
თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
კახა კალაძის თქმით, ტერიტორია წლების განმავლობაში დაჭაობებული და ნაგავსაყრელად იყო ქცეული.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე სკეიტპარკი, სარბენი, სასეირნო და ველობილიკები, ასევე, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე, მედიათეკა, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა.
"ამასთან, პარკში მოეწყობა ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს. ასევე, განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ეტაპზე, დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება კი 2022 წლის დეკემბრისთვის იგეგმება.