კერძო ბაღების ასოციაცია სასწავლო პროცესის განახლების უფლებას ითხოვს
კერძო საბავშვო ბაღების ასოციაციამ სასწავლო პროცესის დროულად განახლების მოთხოვნით მშვიდობიანი აქცია გამართა.
ბიზნესსუბიექტები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ და შესაბამის უწყებებს ბაღების მომდევნო კვირიდან გახსნის ნებართვას სთხოვდნენ. მათი თქმით, შეჩერებული სააღმზრდელო პროცესი დიდ ხანს გაგრძელდა, რამაც ბაღები გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა.
ბიზნესუბიექტები ამბობენ, რომ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ვეღარ ასრულებენ. მათივე განმარტებით, შემუშავებულ ყველა რეკომენდაციას აკმაყოფილებენ და პროცესის 1 ოქტომბრამდე გადადების წინაპირობა არ არსებობს.
შეგახსენებთ პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია.
პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ.
რაც შეეხება ჯგუფებში ბავშვების დასაშვებ რაოდენობას, პროტოკოლის მიხედვით, უნდა შემუშავდეს ისეთი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იქნება.
მშვიდობიანი აქცია თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართა.