ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის პასპორტის აღების წესის შეცვლა იგეგმება
ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის პასპორტის აღების წესი გამარტივდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს სექტემბერში წარედგინება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დიასპორის წარმომადგენლებისთვის ქართული პასპორტის აღების დროს ყველა ხელოვნური ბარიერი უნდა მოიხსნას.
"იყო შემთხვევა, როცა დიასპორის წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში და მოისურვა ქართული პასპორტის აღება. მაგრამ მცირე გრამატიკული შეცდომების გამო ქართველმა პატრიოტმა კაცმა ვერ შეძლო ქართული პასპორტის აღება. ეს რა თქმა უნდა გამოსასწორებელია. იუსტიციის სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა და სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარსდგება პარლამენტში. ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვსხნით ისე, რომ დისპორის წარმომადგენლებს ძალიან მარტივად შეეძლოთ ქართული ეროვნული პასპორტის აღება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, შეიცვლება პასპორტის აღების ღირებულებაც.
"რატომ იყო წლების განმავლობაში რომ, უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლებისთვის პასპორტის აღების ღირებულება იყო 130 დოლარი. ამ დროს საქართველოში 2-3-ჯერ ნაკლები. ეს ტარიფებიც რა თქმა უნდა გათანაბრდება. ჩვენ არავითარი განსხვავება არ უნდა გვქონდეს საქართველოში მცხოვრებ მოქალაქესა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეს შორის", -აცხადებს პრემიერი.