საზოგადოება
10/05/2022

"კანის ლომების" შედეგები ცნობილია

თიბისის მხარდაჭერით, უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი Young Lions Georgia გაიმართა. კონკურსი მიზნად ისახავს შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ახალი თაობის მხარდაჭერას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელონ ცხოვრება. ფესტივალში მონაწილეობდნენ 30 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებიც მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კრეატიულ სფეროში საქმიანობენ.

გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიას, 5 მაისს, თიბისი კონცეპტის სივრცემ უმასპინძლა. წელს, ჟიურიმ 12 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც გადაეცათ ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ჯილდოები.

კანის ლომების ოქროს ჯილდოს მფლოებელები 4 კატეგორიაში გახდნენ:

მარკეტერი - საბა მიქაია და ქეთო შურღაია, TBC

დიჯიტალი - ლუკა მახარობლიშვილი, სოფო ივანიშვილი, Windfor’s

ფილმი - გიორგი ხუბულური, DAVE, Redberry

პრინტი - ქეთი ყიფშიძე, ბაიკო ფირცხალაიშვილი, Leavingstone

კანის ლომების ოქროს ჯილდოს მფლობელი გამარჯვებული გუნდები კანის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიო პირველობისთვის, საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

დაჯილდოების ფარგლებში, უკვე მეორედ გამოვლინდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდოს მფლობელი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის. 2019 წელს ჯილდო Windfor’s Georgia-ს დამფუძნებელს და კრეატიულ დირექტორს - ვატო ქავთავარაძეს გადაეცა. 2022-ში ჯილდო ლევან ლეფსვერიძეს, Leavingstone-ის თანადამფუძნებელს და შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელს, გადაეცა.

Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ივნისის თვეში ტარდება, სადაც 30 წლამდელ რჩეულ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ თავიანთი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობა დაუმტკიცონ.