საზოგადოება
30/05/2023

ქალაქებში, სკვერებსა და პლაჟზე პირუტყვის გაშვებაზე ჯარიმები იზრდება

წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ან მეთვალყურეობით, დიდი ქალაქების საზღვრებში, სკვერებსა და პლაჟებზე  ყოფნის ფაქტებზე ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების პროექტი ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა – გამოიწვევს წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.

ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ნაცვლად არსებული 50 ლარისა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარისმაია ბითაძის განცხადებით, აღნიშნული სანქციების გაზრდის ამოქმედების ვადა გადაიწევს რამდენიმე თვით იმისთვის, რომ მოსახლეობამ იმ თვითმმართველ ქალაქებში, სადაც სანქციის ოდენობის ზრდაა მოსალოდნელი, მეტი ინფორმაცია მიიღოს.

ბითაძის განმარტებით, სანქციების ზრდის მიზეზი ისაა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა, მიუხედავად დაჯარიმებისა, მოქალაქეები პირუტყვს მაინც უშვებენ მეთვალყურეობის გარეშე და აზიანებენ მუნიციპალუიტეტის მიერ მოწყობილ მწვანე სივრცეებს.

კანონპროექტის ავტორები არიან: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, სალომე ქურასბედიანი, ნოდარ ტურძელაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ისკო დასენი, დავით კაჭარავა, ირაკლი კირცხალია, გოგი მეშველიანი, გურამ მაჭარაშვილი, ბექა ოდიშარია.

Businesspartner