კახა კალაძე: რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობებს არ დავუშვებთ
თბილისის მერი რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგია.
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით ბევრი რამ კეთდება, მათ შორის სამშენებლო სექტორისთვის რეგულაციების დაწესებაა.
"პირველი, რაც გავაკეთეთ ეს არსებულ მშენებლობებზე რეგულაციების შემოღება იყო. სამშენებლო ბიზნესისთვის ეს პირველ ეტაპზე, შეიძლება, არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ყველა ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და უნდა გავუფრთხილდეს ერთმანეთის ჯანმრთელობას. შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი მშენებლობები იყო. ასევე, რეკრეაციული სივრცეების არარსებობაც. რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნებისა და სკვერების ხარჯზე ხორციელდებოდა მშენებლობები. ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ჩვენ დავიბრუნეთ ეს სივცრეები და ვაწესრიგებთ ამ სივრცეებს. არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე განხორციელდეს მშენებლობები. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეწინააღმდეგებით მშენებლობასა და განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი გენერალური გეგმის ფარგლებში უნდა მოხდეს და ეს მიდგომები გვექნება ყოველთვის",- განაცხადა კახა კალაძემ.