საზოგადოება
18/04/2022

კახა კალაძე "მონუმენტმშენს" მიმართავს, ამაღლების ქუჩაზე მშენებარე ობიექტი პროექტთან შესაბამისობაში მოიყვანოს

თბილისი მერი კახა კალაძე სამშენებლო კომპანია "მონუმენტმშენს" მიმართავს, ამაღლების ქუჩაზე მშენებარე ობიექტი უმოკლეს ხანებში მოიყვანოს შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში.

"გვაქვს შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ უბნებში დღესაც არის უკანონო მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო: სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, სანამ ვხელმძღვანელობ თბილისის მთავრობას, ჩემს თანამშრომლებთან ერთად, არასდროს დავუშვებთ უკანონო მშენებლობას. არ დავუხრით თავს არცერთ ასეთ ფაქტს, რომელიც იქნება გამოვლენილი. 

გვაქვს კონკრეტული შემთხვევა ისტორიულ ზონაში, ამაღლების ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთი მშენებლობის დროს გამოვლინდა სართულის  უკანონოდ დაშენება. სამუშაოებს აწარმოებს  კომპანია „მონუმენტმშენი“. არ ვიცი, ამ ადამიანებს რა დამოკიდებულება აქვთ ქალაქთან მიმართებაში. ცხადია, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ და უკანონოდ ახორციელებ მშენებლობას, ამახინჯებ შეთანხმებულ პროექტს და ერთ სართულს კიდევ ამატებ, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვიღაცას ეს გაუვა ან ვინმე გაუტარებს. ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. მივიღებთ ყველანაირ შესაბამის ზომებს. შეიძლება, ეს იყოს ყველასთვის საჩვენებელი, თუ ჩემს მიერ დასახელებული კომპანია ძალიან მალე არ მოაწესრიგებს არსებულ მშენებლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამშენებლო ობიექტს კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს, ამ ყველაფერს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვება. 

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ ის რეაქცია, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბოლომდე ჩავყვებით. პირადად ვიქნები დაინტერესებული, რომ სამაგილოთოდ დაისაჯოს ეს კომპანია და კონკრეტული ადამიანები. მოუწევთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ ეს შენობა-ნაგებობა არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში", - განაცხადა კახა კალაძემ.