საზოგადოება
17/07/2023

კახა კალაძე: გოთუას ქუჩაზე მოწყობილი პანდუსი საავტომობილო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა დაათვალიერა.

მერის განმარტებით, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების საჭიროება საავტომობილო გადაადგილებისას უსაფრთხოების პრობლემამ წარმოქმნა.

„კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. ეს არის გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამომსვლელი პანდუსი. თქვენ იცით, რომ „საქართველოს ბანკის“ ოფისთან ჩამომსვლელი გზა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა მარჯვენა სანაპიროზე გამსვლელი ავტომანქანებისთვის, ძალიან ხშირად იქმნებოდა ავარიული სიტუაციები. აღნიშნული პროექტი - 150 მეტრი სიგრძის ახალი პანდუსი შესაძლებლობას იძლევა, ავტომანქანები გოთუას ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროზე უსაფრთხოდ ჩავიდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

პროექტის ფარგლებში მოეწყო როგორც გზა, ასევე ფერდის დამცავი, რკინა-ბეტონის  საყრდენი კედლები და ლითონის ზღუდეები. გარდა ამისა, დამონტაჟდა  გარე განათების ახალი ქსელი და  LED სანათები.

საავტომობილო მოძრაობა აქამდე მოქმედ პანდუსზე გახდა ცალმხრივი და ავტომობილები გადაადგილდებიან  სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით. ახალი საავტომობილო გზა კი განკუთვნილია გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე.

Businesspartner