საზოგადოება
28/06/2021

ჯონ ბრაეკეველდტი: ქართველებს დიდებული და გიჟური იდეები აქვთ

საქართველოში მიმზიდველია ნიშური პროდუქტების ბაზრის განვითარება, - ამის შესახებ „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ჯონ ბრაეკეველდტი საუბრობს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ძირითადი შემოსავლიანი სექტორების - ტურიზმის და ლოჯისტიკის გარდა, საქართველოში ნიშური პროდუქტების ბაზრის განვითარება მომგებიანი იქნებოდა.

„მე ვუყურებ საქართველოს, როგორც ნიშურ ბაზარს. აქ ბევრი შესაძლებლობებია ამ მიმართულებით. 18 წელია აქ ვარ და ყოველთვის გაოცებული ვიყავი იმ იდეებით, რაც ქართველებს აქვთ. მათ აქვთ დიდებული და გიჟური იდეები, რომელსაც მე, როგორც ბელგიელი ხანდახან ვერც კი წარმოვიდგენ ხოლმე. ვფიქრობ, სწორედ ესაა გზა, რომელითაც უნდა წავიდეთ. მაგალთად, ვკითხულობდი ნიუსს იმაზე რომ რეგიონში ლოკოკინის პროდუქცია გამოჩნდა, და ვფიქრობდი - ეს დიდებულია. ეს არის ახალი და ორიგინალური საკითხები, რაზეც ევროპა არც კი ფიქრობს, საქართველოს კი შეუძლია ჰქონდეს ასეთი ბაზარი,“ - აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი.

მისივე თქმით, ეს მიმართულება სწრაფად ვითარდება. მათ შორის სტარტაპებისა და IT მიმართულების სექტორი. „ევროპული ბიზნეს ასოციაცია“ კი მისივე თქმით, ცდილობს სტარტაპების სექტორი ევროპელ ინვესტორებთან დააკავშიროს.

„ადრე, როდესაც ვმოგზაურობდი ქალაქგარეთ, თეთრიწყაროს რეგიონში და სხვა სოფლებში, ირგვლივ ძალიან ბევრი ცარიელი მიწა იყო. ახლა ყველგან ნუშის ხეები გაჩნდა, სხვაგან მოცვი. ეს არის მიმართულებები, რასაც მართლაც შეუძლია ჰქონდეს მომავალი. იგივეს ვერ ვიტყვი მაგალითად, კარტოფილის ბაზარზე - ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორიც მაგალითად პოლონეთი და უკრაინაა, აქვთ მეტი მიწა და უპირატესობა, მაგრამ ნიშურ პროდუქტებს - მოცვსა და ნუშს ნამდვილად აქვს მომავალი.

სტარტაპებსა და IT სექტორებშიც ვხედავ იდეების მქონე ბევრ ახალგაზრდას. ჩვენ, ასოციაცია ვცდილობთ, ისინი ევროპულ ბიზნეს სექტორთან შევახვედროთ და ვნახოთ ინვესტორთა გადაკვეთის წერტილი ამ ადამიანებთან. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ სწორი ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს, და შეძლონ წარმატებული ბიზნესის წამოწყება,“ - აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი „ბიზნესპარტნიორთან“.

 

Businesspartner