"ჯეპრა" ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საზედაო შრიფტს წარადგენს
საქართველოს მდიდარი კალიგრაფიული სკოლა აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ხელნაწერი წიგნის ეპოქაში, გარდა კალიგრაფიისა, გადამწერები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ტექსტის მხატვრულ გაფორმებას. საზედაო შრიფტს საფუძვლად სწორედ ეროვნულ არქივში დაცული XIV – XVIII საუკუნეების ხელნაწერებში გამოყენებული გრაფემები, ანუ საზედაო ასოები დაედო.
„შუა საუკუნეების ქართულ წიგნის ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდი ზომის მოხატულ საზედაო ასოებს, რომლებიც აბზაცის ან თავის დასაწყისს მიანიშნებენ. მოხარულები ვართ, რომ ახალი საზედაო შრიფტის შექმნით ქართული კალიგრაფიული ხელოვნების კიდევ ერთი ნიმუშის წარდგენის შესაძლებლობა გვეძლევა.“ - განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროექტების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.
„შრიფტი დიდ დახმარებას გაუწევს ტექსტების დიზაინერებს ახალი იდეების განხორციელებაში, ამასთან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ხელნაწერთა გაფორმების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.“- განაცხადა საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა.
„ჩვენ მიერ შექმნილი შრიფტი ეფუძნება ხუთი სხვადასხვა ისტორიული ხელნაწერის საზედაო ასოებში გამოყენებულ კიდურყვავილოვან ორნამენტებსა და ხვეულებს. ამავე დროს, ყველა ასო ნიშანი თანამედროვე მოხაზულობითაა წარმოდგენილი და არ არის უცვლელი კოპირება ძველი საზედაო ასოებისა. ამიტომ შრიფტი ერთგვარი ხიდია ჩვენს მდიდარ წარსულსა და თანამედროვეობას შორის და ხაზს უსვამს კალიგრაფიის ხელოვნების უწყვეტობასაც: შუა საუკუნეების ტრადიციული მოხატულობის სტილი თანამედროვე ასოებზეა მორგებული.“-განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.
შრიფტის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება ვებგვერდებიდან: calligraphy.ge და www.gepra.ge/fonts
საზედაო შრიფტის წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 14 აპრილს 13:00 -სთ-ზე გაიმართება.