საზოგადოება
26/12/2020

"ჯანმო საქართველოს კოვიდ-ვაქცინის დროულ მიღებას მხარს უჭერს"

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურმა დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციის პირველ ეტაპზე, ისე მეორე ტალღის პირობებში ინფექციის გავრცელებისა და ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრისით, - განცხადება პრემიერის ადმინისტრაცია გიორგი გახარიასა და ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საუბრის ძირითადი თემები იყო გლობალურად პანდემიის კუთხით არსებული ვითარება, ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების თვალსაზრისით.

რელიზში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება, კლინიკური სასტუმროების როლი და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობა მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესში. აღინიშნა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობაზე ინფიცირებულთა დროული იდენტიფიცირების, იზოლაციისა და ინფექციის გავრცელების შეჩერების პროცესში.

"საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტი საქართველოში, რომელიც გასულ კვირას შედგა", - ნათქვამია ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.