ჯანდაცვის სამინისტრო 520-ე დადგენილებით გათვალისწინებული ტარიფების გადახედვას იწყებს
ჯანდაცვის სამინისტროს რეანიმაციისა და კარდიოქირურგიის ტარიფები პრაქტიკულად განსაზღვრული აქვს და ახლა მიმდინარეობს მუშაობა ინტენსიური განყოფილებების ტარიფებზე.
როგორც ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა, ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა, გასულ პარასკევს ასოციაციის და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ტარიფების ინდექსაციის კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწიეს წინ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ ადრეა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახალ ტარიფებს ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ საუბარია 520-ე დადგენილებით განსაზღვრულ ტარიფებზე, რომელიც ამ დადგენილების მიღებამდეც და მიღების შემდეგაც, ტიკარაძის მინისტრობის პერიოდში, კლინიკური სექტორის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. jandacva.ge-ს კითხვაზე- რადგანაც სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ დაიწყო 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გადახედვა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უწყება ეთანხმება კლინიკური სექტორის პოზიციას ამ დადგენილების არაადეკვატურობის შესახებ, მახარაშვილი ამბობს, რომ ეს სწორედ ასეა, თუმცა დასძენს იმასაც, რომ ამ საკითხის გადახედვისკენ პირველი ნაბიჯები ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობისას გადაიდგა. ამასთან, მაია მახარაშვილი ამბობს, რომ 2019 წლის შემდეგ, როცა ეს დადგენილება ამოქმედდა, შეიცვალა ლარის კურსი, რამაც ასევე დააყენა დღის წესრიგში ტარიფების გადახედვის საკითხი.
ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, ახლა ტარიფები არაადეკვატურია და არ შეესაბამება სერვისებისა და მასალების რეალურ თვითღირებულებას.
520-ე დადგენილება, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.