ჯანდაცვის მინისტრი ეპიდვითარებაზე: მშვიდი სიტუაცია გვაქვს, საპანიკო არაფერია
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებს შემთხვევებმა მოიმატა, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სიტუაცია მართვადია და საპანიკო არაფერია.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, შემთხვევების მატება შეზღუდვების დაწესებას არ გამოიწვევს.
"ეპიდვითარების კუთხით, მშვიდი სიტუაცია გვაქვს. 1 კვირის წინ, საშუალოდ დღიური შემთხვევები იყო 100, დღეს არის 500. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათთვის, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, მზად ვართ, ვუმკურნალოთ. ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც კოვიდის სამკურნალოა, რამდენიმე თვის წინ "ფაიზერის" წარმოების ეს მედიკამენტი ჩამოვიტანეთ. ასევე მსურველებს რა თქმა უნდა შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს.
მე ვამბობდი, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს, ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და იგივეს ადასტურებენ ინფექციონისტები. არ არის არაფერი საშიში, საპანიკო", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.