“იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც Covid 19-ის მართვაში ჩაერთვებიან“
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც Covid 19-ის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან.
კერძოდ, განისაზღვრა დაახლოებით 223 დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში ამბოლატორიულ ტესტირებას ჩაატარებს. მისივე განცხადებით, ყველა ჰოსპიტალიზირებული ადამიანი იქნება გამოკვლეული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, მიუხედავად სიმპტომებისა.
ბოლო 24 საათში, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
სხდომაზე აგრეთვე აღინიშნა, რომ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, შესაბამისი უწყებების მონაწილეობით.
ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. გარდა COVAX პლატფორმისა, მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და მწარმოებლებთან საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით მიმდინარეობს.