საზოგადოება
01/04/2021

იუსტიციის მინისტრის პოსტზე გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე ჩაანაცვლებს

იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა. მისი კანდიდატურა ამ პოსტზე პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე დაასახელა.

"რატი ბრეგაძე არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი. ივანე ჯავახიშვილის სახლოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, მოიპოვა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.

ასევე 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა გოჩა ლორთქიფანიძეს წარმატებები უსურვა.

"მოგეხსენებათ, გოჩა ლორთქიფანიძე მიემგზავრება ჰააგაში. გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო წარმატება,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.