საზოგადოება
07/12/2020

იურიდიული მომსახურების ონლაინ ფორმატით ორგანიზება ბიზნესისთვის ხარჯების დაზოგვასა და ეფექტურობის ზრდასაც იწვევს

ამერიკაში, ორი წარმატებული ქართველის: ეკატერინე ეგუტიას და ნინო კობახიძის მიერ დაარსებული ამერიკული იურიდიული ფირმა EK Law Office PLLC საქმიანობას პანდემიის პერიოდშიც განაგრძობს და სასამართლო პროცესებს ონლაინ რეჟიმში წარმართავს. ამ ეტაპზე ფირმის ანგარიშზე 20-ზე მეტი წარმატებით დასრულებული საქმეა, რაც ახლად დაფუძნებული ფირმისთვის ძალიან კარგი შედეგია. 

პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულს და EK Law Office PLLC მმართველ პარტნიორს ეკატერინე ეგუტიას ვესაუბრეთ და გთავაზობთ მასთან ვრცელ ინტერვიუს.

როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

როგორც ყველა მცირე ბიზნესს, ჩვენ კომპანიასაც ცხადია აქვს გამოწვევები პანდემიის პირობებში. კერძოდ, კლიენტებთან ურთიერთობა და პირისპირ შეხვედრები ვერ ხერხდება, ამას ონლაინ რეჟიმში ვაორგანიზებთ, რაც ბევრ კლიენტს დისკომფორტს უქმნის. ასევე სასამართლო პროცესები ტარდება ონლაინ რეჟიმში, განსაკუთრებით არაარსებითი სხდომები, ან მოსამზადებელი სხდომები. ძირითადი სხდომების გადადება ხდება, რაც ასევე დისკომფორტს უქმნის კლიენტს, ჭიანურდება საქმეთა განხილვა და სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ. პანდემიამ ეკონომიკური სირთულეები შექმნა, რაც აისახება კლიენტების გადახდისუნარიანობასა და ჩვენ სატარიფო პაკეტზეც.  კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად და პანდემიის გამო, ჩვენი მომსახურების შეთავაზებისას ვცდილობთ უფრო მოქნილები ვიყოთ, მათ შორის სატარიფო პაკეტის განსაზღვრისას.    

როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად?

სირთულეებია კლიენტების გადახდისუნარიანობასთან მიმართებაში, ასევე პანდემიის გამო იურიდიული პროცესების გადადება/გაჭიანურების მხრივ. ვცდილობთ ყველა პროცესი და კლიენტი-ადვოკატის ურთიერთობა ვმართოთ ონლაინ რეჟიმში, ვიდეო და აუდიო კონფერენციების მეშვეობით. საბედნიეროდ ჩვენი მომსახურების ონლაინ მართვის საშუალებას იძლევა ფირმის სპეციფიკა (საკონსულტაციო)  და ხელმისაწვდომი თანამედროვე ტექნოლოგიები.

 რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა და რას ურჩევდით სხვებს თქვენს მაგალითზე.

ძირითადი პრობლემა დაკავშირებულია ეკონომიკურ სირთულეებთან, რაც აისახება კლიენტების გადახდისუნარიანობაზე. კლიენტებთან  პირადი შეხვედრების შეზღუდვის გამო საჭირო გახდა იურიდიული კონსულტაციების ონლაინ რეჟიმში ორგანიზება. საკონსულტაციო ბიზნესისთვის უფრო მარტივია  ონლაინ რეჟიმში გადასვლასთან შეგუება. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა სწრაფი ადაპტირება, მათ შორის სატარიფო პაკეტების მისადაგება რეალობასთან  და ინფორმაციული ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება ყოველდღიური საქმიანობაში.   

 როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?

კოვიდის შემდეგ დიდი ალბათობით 1-2 წელიწადში ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ რითმს, მათ შორის საკონსულტაციო ბიზნესიც და მისი მომხმარებლებიც. იქნება ახალი წამოწყებები, ახალი გამოწვევები, აქტივობები, რაც გამოიწვევს მეტი სამართლებრივი მხარდაჭერის საჭიროებას. ეს კი საკონსულტაციო და იურიდიული ფირმებისთვის მეტ ბიზნესს ნიშნავს. ტექნოლოგიების გამოყენება სავარაუდოდ კვლავ დარჩება ბიზნეს საქმიანობის შემადგენელ ატრიბუტად და საქმეთა გარკვეული ნაწილის მართვა მაინც დარჩება ონლაინ რეჟიმში, რაც თავის მხრივ დაზოგავს ბიზნესის ხარჯებსა და დროს.

როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში?

ჩვენი კომპანია არის მცირე ზომის იურიდიული ფირმა, რომელიც 3 იურისტს და რამდენიმე ათობით კლიენტს მოიცავს. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება განვავითარეთ და აღნიშნული მიმართულებით ჩვენი მომხარებლებიც ადაპტირდნენ. ჩვენი წვლილი სავარაუდოდ არის ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობაში მეტი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვა, ასევე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესების ონლაინ რეჟიმში მართვა, და ამ პროცესში ჩვენი ფირმის აქტიურად მონაწილეობა. იურიდული მომსახურების ონლაინ ფორმატით ორგანიზება და მართვა საერთო ჯამში ბიზნესისთვის ხარჯების დაზოგვასა და გარკვეულწილად ეფექტურობის ზრდასაც იწვევს.  

როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?

ჩვენი სერვისების უფრო ინტენსიური მარკეტინგი, მეტი კლიენტის მოზიდვა და შესაბამისად ბიზნესის გაფართოება ჩვენი სამომავლო გეგმაა. კოვიდ-19 ეპოქაში ახალი კლიენტების მოზიდვა და მომსახურების შეთავაზება ონლაინ რეჟიმში ხდება, რაც შედეგებით ვერ იქნება პირადი შეხვედრების, კონფერენციების და პირისპირ ურთიერთობის ტოლფასი. ამიტომ დიდი იმედი გვაქვს პანდემია დასრულდება და ბიზნესი დაუბრუნდება ნორმალური განვითარების რითმს.