IT: საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის მთავარი პრობლემები კვლავ გადაუჭრელია
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესებული არ არის, მას საშუალო შედეგი უკვე წლებია აქვს და ის მნიშნელოვნად არ შეცვლილა, - "საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველოს" კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 45-ე პოზიციაზე მოხვედრას ეხმიანება.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიათითებს, რომ ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, მაგრამ გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებები.
ორგანიზაციაში მიათითებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი სისტემური ნაბიჯები ამ ტიპის კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით და ასახელებს ამ მხრივ, დღეისათვის საქართველოს მთავარი გამოწვევებია:
- ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით პარლამენტის სისუსტე საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას. ოპოზიციის იგნორირება და გარიყვა პოლიტიკური პროცესიდან.
- არაფორმალური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია.
- ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების არაეფექტური გამოძიება და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში.
- პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და სასამართლოს სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დომინირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სასამართლოში კორუფციის რისკებს.
- პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის არაეფექტიანი სისტემა; პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება უკანონო გზებით.
- მთავრობის და პროსამთავრობო მედიის თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე.
- ხელისუფლების ზეწოლა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაზე, მათ შორის ტელევიზიების მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ მათ ოჯახის წევრებზე. ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა და თავდასხმები მათზე, განსაკუთრებით წინა და პოსტსაარჩევნო საპროტესტო აქციების გაშუქებისას.
- ელიტური კორუფციის პრევენციისა და გამოძიების ქმედითი სისტემის (მათ შორის, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების) არარსებობა.
აღსანიშნავია, რომ იგივე პრობლემები გამოიკვეთა „საქართველოს ეროვნული ანტირკორუფციული სისტემის შეფასებაში“, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდა. კვლევის შედეგების საფუძველზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ,“ დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე.
რეკომენდაციები
ბოლო წლებში „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს შედეგები ხელისუფლების მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნების არასებობაზე მიუთითებს.
მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება შეუძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რეფორმების გარეშე, რომელთა შორის აღსანიშნავია:
- პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელება და ძალაუფლების კონცენტრაციის პრობლემის აღმოფხვრა, მათ შორის საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის ქმედითი მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნის გზით.
- საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების სხვა გამოვლინებების აღმოფხვრა.
- სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა.
- თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის სისტემის დახვეწა და პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების გამოვლენა.
- დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ქმედითი რეაგირება კორუფციის, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე.
- ხელისუფლების მიერ მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა.