საზოგადოება
25/05/2022

ირაკლი ქარსელაძე: თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა 3.40 საათამდე შემცირდება

2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნის შედეგად თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო კიდევ უფრო შემცირდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობას 3 საათი და 40 წუთი დასჭირდება. 

მინისტრის თქმით, 2021 წელს მაგისტრალური გზების მშენებლობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, 6.5 მლრდ ლარის 303 პროექტი მიმდინარეობდა, რომლებშიც 97 კომპანია, მათ შორის 88 ქართული და 9 უცხოური მონაწილეობდა. 

"პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში 70 კმ ახალი მაგისტრალური გზა გაიხსნა, რის შედეგადაც, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობას, 5 საათის ნაცვლად, უკვე 4 საათი სჭირდება. 2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნის შედეგად კი, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო კიდევ უფრო შემცირდება და მგზავრობას მხოლოდ 3 საათსა და 40 წუთს მოვანდომებთ", - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. 

ამასთან, მისი თქმით, რიკოთის პირველი 2 კილომეტრიანი მონაკვეთი 2021 წელს გაიხსნა და ხელშეკრულების შესაბამისად, მისი დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა 2022-2023 წლებში ეტაპობრივად დასრულდება. 

"კონკრეტული მონაკვეთების გახსნა წელსვე გვაქვს დაგეგმილი. რიკოთის მონაკვეთებიდან გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთები", – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.