ირაკლი იზორია: 18-მეტრიანმა ავტობუსებმა სადაც უნდა იმოძრაონ, იქ სხვა მანქანა არ უნდა გადაადგილდებოდეს
თბილისში, მაგისტრალურ სატრანსპორტო დერეფნებში არსებულ ბასლაინებში სხვა სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის ტაქსების დაშვება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის შემაფერხებელი იქნება და ეს ეწინააღმდეგება ევროპულ სატრანსპორტო პოლიტიკას. ამის შესახებ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, იმ ცენტრალურ დერეფნებში, სადაც 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ, სხვა მანქანა არ უნდა გადაადგილდებოდეს, მათ შორის არც საელჩოების, არც შსს-ს ავტომობილები და არც სასწრაფო დახმარების მანქანები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი გამოძახებაზე არიან.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათიდან თბილისის მერია A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური სტიკერების გაცემას იწყებს. სტიკერს მიიღებენ ის ტაქსის მძღოლები, რომელთა ავტომობილების ასაკი 10 წელს არ აღემატება.
1-ლი ივნისიდან ამ სტიკერის მქონე ტაქსებს საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება ექნებათ.
ირაკლი იზორია ამბობს, რომ არცერთ ქვეყანაში საავტობუსე ზოლში გარეშე ავტომობილები არ გადაადგილდებიან
„დედაქალაქში არის 12 პრობლემური სატრანსპორტო კვანძი. „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის პერიოდი 2 წუთამდე უნდა ჩამოვიდეს. გარდა ამისა, გეგმა ითვალისწინებს ჭკვიანი შუქნიშნების დაყენებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრების აყვანისთანავე ავტობუსი უნდა დაიძრას. ხოლო თუ ამ დროს მის ზოლში ტაქსები ან სხვა ავტომობილები იქნება, ეს მოძრაობას შეაფერხებს,“ - აღნიშნა იზორიამ.
მისი თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ პატარა ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები პერიფერიებში უნდა გადავიდეს და მაგისტრალური დერეფნები მთლიანად გაიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ირაკლი იზორია აცხადებს, ავტოპარკის ზრდის არსებული ტემპის გათვალისწინებით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში თბილისი გაჩერებისთვისაა განწირული.