საზოგადოება
04/07/2022

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის 6 თვის გეგმა 105.6 მლნ-ის გადაჭარბებით შეასრულა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 105.6 მილიონი ლარის გადაჭარბებით ანუ 111 %-ით შეასრულა.

უწყების ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 95 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 10%-ით გაზარდა.

სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა ყველაზე მაღალბიუჯეტიანმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2022 წლის 6 თვის განმავლობაში, 692.4 მილიონი ლარი აითვისა, რაც დამტკიცებული გეგმის 117%-ია. 106%-ით შეასრულა დამტკიცებული გეგმა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ და 137.3 მილიონი ლარის ათვისება შეძლო. სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ პროექტები 235.2 მილიონი ლარით დაფინანსდა, რამაც გეგმის 101%-ს შეადგინა.

ცნობისთვის, სამინისტროს 2022 წლის პირველი 6 თვის დამტკიცებული გეგმა 975.3 მილიონ ლარი იყო, ხოლო ბიუჯეტის შესაძლო საკასო შესრულებამ 1 მილიარდ 80.9 მილიონი ლარი შეადგინა.