საზოგადოება
06/06/2022

ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის სკეპტიკურ ქვეყნებთან აქტიურად ვმუშაობთ

საქართველო ევროკომისიის დასკვნის მოლოდინშია, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება. საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, არიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების საკითხს ეწინააღმდეგებიან. საქართველოს მთავრობა კი, მათთან აქტიურად მუშაობს. 

"ზოგადად ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნებიან სკეპტიკური ქვეყნები, რომებსაც აქვთ ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებაში კონკრეტული ხედვები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. შესაბამისად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ მათ დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგით შექმნა, ასევე ის მოლოდინები, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ევროპულ ხვალინდელ დღეზე ვსაუბრობთ", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. 

მისი თქმით, საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყანა აღიარებს იმ შედეგებს, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე მივაღწიეთ. 

"ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი", - აცხადებს მინისტრი. 

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დააჩქარა.  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს შეიტანა.  ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი ორივე კითხვარი შევსებული და გადაგზავნილია.