ჰაერში 7 მლრდ ტონაზე მეტი გაფრქვეული ნახშირორჟანგი - ელექტრომობილების როლი მწვანე ეკონომიკაში
საცობები თბილისისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებაა.
დიდი მნიშვნელობა არ აქვს დღის რომელი მონაკვეთია, დილა, შუადღე, თუ საღამო. განსაკუთრებით გადატვირთული ცენტრალური ქუჩებია. მანქანების კილომეტრიანი რიგები დედაქალაქში იშვიათი სანახაობა არ არის. იშვიათი მხოლოდ გზაზე მოძრავი ელექტრომობილების ხილვაა, რადგან საქართველოში არსებული ავტოპარკის მინიმუმ 80% შიგა წვის ძრავიანი ავტომობილებითაა დაკომპლექტებული. ამაზე ყველაზე კარგად რიცხვები მეტყველებს, რომლის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში 70 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალების იმპორტი განხორციელდა, აქედან ელექტრომობილი მხოლოდ 280 იყო.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს 7 მილიარდ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი ჰაერში სწორედ სატრანსპორტო საშუალებებიდან გაიფრქვა. ამ რიცხვში ავტომობილების გამონაბოლქვის შედეგად ატმოსფეროში მოხვედრილი მავნე ნივთიერებების წილი თითქმის 70% იყო. გამოწვევის საპასუხოდ ევროკავშირმა 2035 წლისთვის შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ცივილიზებული სამყარო კარს ე.წ სუფთა ტრანსპორტს უხსნის.
"ელექტრომობილების შემთხვევაში გამონაბოლქვი საერთოდ არ გვაქვს. ბუნებრივია, წარმოებას თავისი დაბინძურება აქვს, თუმცა ეს ნებისმიერი პროდუქციისთვის დამახასიათებელია. მეორე ფაქტორია ეფექტურობა, ელექტრომობილების შემთხვევაში გაცილებით უფრო ეფექტურია დენის გამომუშავება და შემდეგ საბურავებამდე ამ ენერგიის მიწოდება, ვიდრე სხვა ტიპის ძრავების შემთხვევაში. ანუ გამომუშავებასა და ენერგიის საბურავებამდე მიწოდებას შორის დანაკარგი არის ყველაზე ნაკლები. ეს ნიშნვანს, რომ ეფექტურობა იზრდება მსოფლიო კი სწორედ იმ მიმართულებით ერთვება, რომ ენერგიის მოხმარება რაც შეიძლება ეფექტური იყოს.
ამ მიმართულებით ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი არიან ფლაგმანები. ბუნებრივია, ერთ სულ მოსახლეზე ჩინეთი ჩამორჩება, მაგრამ გაყიდვებისა და წარმოების რაოდენობით ერთ-ერთი ლიდერები არიან. კომპანიებსა და ქვეყნებს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ ამ ტრანსპორტზე უნდა გადავიდნენ. ზოგმა ქვეყანამ უკვე წინასწარ დააანონსა, რომ 2030 წლის შემდეგ, წარმოებული, ან იმპორტირებული ავტომობილების 100% უნდა იყოს ელქტრომობილი, ან ე.წ Plug in ჰიბრიდები. პროგნოზებიც შესაბამისია, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეს ბაზარი მინიმუმ 10-ჯერ გაიზრდება. ძალიან ცოტა ავტომწარმოებელია, ვისაც ასეთი ტექნოლოგია არ აქვს. ფაქტობრივად, ყველამ ან სრული მოდელები წარმოადგინეს, ან მინიმუმ პროტოტიპები გაამზადეს",- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" e-space-ის დამფუძნებელმა ავთანდილ შავიშვილმა.
საქართველოში სუფთა ტრანსპორტის სარგებელზე ბევრს საუბრობენ, კარგად იციან უპირატესობებიც, თუმცა მასზე არჩევანს ნაკლებად აკეთებენ. მიზეზი ბევრია. მათ შორის, შეზღუდული ფინანსური რესურსები და არასთანადო ინფრასტრუქტურა. მაგალითად, ქვეყანაში ელექტრომობილების მხოლოდ 200-მდე დამტენია განთავსებული.
"საქართველოში ჰიბრიდები უფრო პოპულარულია. რადგან მეორადი ავტომობილების ბაზარი ვართ უფრო მეტი ჰიბრიდი შემოდის. მეორადი ჰიბრიდების მინუსი ზუსტად ის არის, რომ ბატარეის რესურსი თითქმის სრულადაა ამოწურული. სწორედ ამიტომ გვქონდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომ ლითიუმის ელემენტის იმპორტი გათავისუფლებულიყო საბაჟო გადასახადიდან. ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ ლითიუმის ელემენტია. ეს ამ ინდუსტრიის გაიაფებას შეუწყობდა ხელს",- განმარტა შავიშვილმა.
მისივე თქმით, ელექტრომობილების რაოდენობის ზრდის წახალისების თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
"როდესაც ახალი მშენებლობები იწყება, თავიდანვე გათვალისწინებული უნდა იყოს დამტენების X რაოდენობა. ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ ქსელის მოწყობა და დამტენების მონტაჟი უკვე აშენებულ კორპუსებში საკმაოდ ძვირი ჯდება. ტექნიკურად უფრო რთულია. ელემენტარული, შეიძლება ადგილზე საკმარისი სიმძლავრე არ იყოს და მისი გაზრდა ასევე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მარტო e-space ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რაც ბაზარზეა",- აღნიშნა მან.
Scroll-ის დირექტორი, დანიელ დოინიცინი კი ამბობს, რომ საქართველოში ელექტრომობილებით დაინტერესება მზარდია, თუმცა არსებობს ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი, რის გამოც მომხმარებლები უპირატესობას შიგაწვისძრავიან ავტომობილებს ანიჭებენ.
"საქართველოში დაინტერესება საკმაოდ დიდია, უბრალოდ ჩვენ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს. არ არსებობს პლატფორმა, რომელიც ელექტრომობილებთან დაკავშირებით ხალხის ინფორმირებას ახდენს. არც ისეთი ინიციატივებია, რომ ადამიანი წაახალისო, რათა არჩევანი სწორედ ელექტრომობილზე შეაჩეროს. ქალაქში არც ბევრი დამტენია. ბევრი სამუშაო, ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა უნდა განხორციელდეს. თუ შევხედავთ განვითარებულ ქვეყნებს, იქ ძალიან დიდია ეს დაინტერესება სახელმწიფოს მხრიდან. მთავრობები ცდილობენ, რომ აგრესიულად და ჩქარა მიიღონ გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ აღებული ვალდებულებები მალე შესრულდეს. საკმაოდ მცირეა ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ რამდენი ელექტრომობილია რეგისტრირებული. სხვა ქვეყნებში კვარტალში ერთხელ მაინც ანახლებენ ასეთ სტატისტიკას. შესაბამისად, დაინტერესებული ადამიანი, ვისაც უნდა, რომ ინვესტიცია ჩადოს ამ ინდუსტრიაში, უფრო მეტადაა მისთვის ყველაფერი გასაგები. შეიძლება რაოდენობა ძალიან ცოტაა, თუმცა აუცილებელია, რომ ეს ინფორმაცია მაინც განახლებადი იყოს. როდესაც კანონმდებლობა უფრო მეტად დაიხვეწება, სტატისტიკური ინფორმაცია მეტად გამჭვირვალე იქნება, რასაკვირველია, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიისგანაც უფრო მეტი დაინტერესება იქნება",- განაცხადა მან.
დღესდღეობით მსოფლიოში დაახლოებით 12 მილიონი ელექტრომობილია რეგისტრირებული. აქედან საქართველოში მხოლოდ 3 000-მდე მათგანი გადაადგილდება. ქვეყანაში ელექტრომობილებით დაინტერესება მზარდი იყო 2019 წლამდე, თუმცა პანდემიისას და მის შემდეგ ამ მიმართულებით მოქალაქეების ინტერესი შემცირდა. ეს კი მაშინ, როდესაც ნახშირორჟანგით ჰაერის დაბინძურების ხარჯზე დედაქალაქში ყოველდღიურად ნახევარ მილიონზე მეტი ავტომანქანა გადაადგილდება.