საზოგადოება
09/05/2022

გოგიტა თოდრაძე საქსტატის ხელმძღვანელად მეორე ვადით დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძე მეორე ვადით დანიშნა.

გოგიტა თოდრაძე საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა, რომლის შემდეგაც შერჩეული კანდიდატურები შესათანხმებლად საქართველოს პარლამენტში გაიგზავნა. საქსტატის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა თოდრაძის კანდიდატურა 80 ხმით (1 - წინააღმდეგი) დაამტკიცა. მიმდინარე წლის 3 მაისს გამართულ სხდომაზე, საქსტატის საბჭომ ის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია და საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგინა.

გოგიტა თოდრაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის (სტატისტიკის), ასევე სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2006 წლიდან ის ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს. მას საქსტატში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2002 წლიდან მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2010-2016 წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2016-2018 წლებში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2018 წლიდან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

თოდრაძე 2017 წლის ნოემბრიდან არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ბიზნეს სტატისტიკის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ხოლო 2019 წლის მაისიდან, გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი. 2018 წელს აირჩიეს გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად, ხოლო 2020 წლის აგვისტოდან სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ. 2009 წლიდან ის ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოთხი წლის ვადით ინიშნება.