საზოგადოება
12/09/2022

GITA–ს მხარდაჭერით, ბათუმში "ევროპის ინოვაციების აკადემიის" ინოვაციისა და მეწარმეობის ლიდერობის ბანაკი გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით,  ევროპის ინოვაციების აკადემიის “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი” ბათუმში გაიმართა. მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამაში მონაწილეობა წელს ასმა სტუდენტმა მიიღო. 

სტუდენტები 11 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი, მათ შორის, მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სტუდენტებმა თბილისიდან და რეგიონებიდან. საერთაშორისო სტუდენტები კი შემდეგი ქვეყნებიდან შემოუერთდნენ პროგრამას: ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ინდოეთი, ნიგერია და პაკისტანი.

ევროპის ინოვაციების აკადემია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვა კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტთან, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრთან (USMAC) და Startup Connect-თან პარტნიორობით ჩატარდა.

სასწავლო პროგრამა წარმართეს კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.

EIA პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც ამჟამად ირიცხებიან უნივერსიტეტში (ან დაასრულეს მიმდინარე წელს), დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ მეწარმეობა და განიხილავენ ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას. ბანაკში სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. 2013 წლის შემდეგ, როდესაც განხორციელდა პირველი პროგრამა, EIA-მ შეძლო განათლება მიეცა ოთხმოცდახუთი ქვეყნიდან წარმოდგენილი 17,000 სტუდენტისთვის. EIA-ს პროგრამა უნიკალურია თავისი შინაარსის, სტრუქტურის, მიდგომის და მეწარმეობის დარგის სწავლების მხრივ. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ის და სილიკონის ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. 2018 წელს, გაზეთმა „Financial Times“-მა (ლონდონი) EIA შეიყვანა ევროპის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული პიონერების სიაში.

აღნიშნული პროგრამის ჩატარება მომავალ წელსაც არის გათვალისწინებული და 2023 წლის ზაფხულში, EIA გეგმავს წამოიწყოს განახლებული, ორ კვირიანი პროგრამა სამასი (300) სტუდენტისთვის საქართველოდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 2023 წლის პროგრამაში ჩართული იქნება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ფაკულტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, Google-ი, Facebook-ი, nVidia, ასევე, მრავალი  ე,წ. „ენჯელ ინვესტორი“ და ვენჩურული კაპიტალისტი სილიკონის ველიდან და ევროპიდან. მომდევნო წლებში, EIA გეგმავს გაზარდოს სტუდენტების რიცხვი ხუთასამდე (500).

EIA პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან შემდგარ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში.

EIA პროგრამა დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას და სისტემატური ტრენინგებისა და პრაქტიკული სამეწარმეო განათლების სისტემის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მეწარმეთა ჩამოყალიბებას. EIA პროგრამის დაარსება და მისი განხორციელება  წამყვან საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას სამეწარმეო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საქართველოში, კერძოდ, ბათუმში.