საზოგადოება
11/04/2022

GITA-ს და EPAM–ის თანამშრომლობა IT სპეციალისტების დასაქმებას ხელს შეუწყობს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და EPAM Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს 3,000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის მონაწილეების დასაქმების ხელშეწყობას. 

აღნიშნული პროგრამა მოიცავს 45 მიმართულებას დღეისათვის არსებულ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში, რომელიც უკვე წარმატებით გაიარა 800-მდე სტუდენტმა, 700-ზე მეტი სტუდენტი ამ ეტაპისთვის გადის გადამზადებას, დარჩენილი სტუდენტების მიღება კი იგეგმება მაისის თვეში.

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება მონაცემების გაცვლა წარმატებული სტუდენტების შესახებ, რომელთაც გამოთქვეს სურვილი, აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდოს პოტენციურ დამსაქმებლებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევა სახელმწიფო სექტორსა და კერძო სექტორს შორის IT მიმართულებით დაინტერესებული პირების  მომზადებისა და დასაქმების მიმართულებით. ეს სფერო საქართველოში ყოველდღიურად ვითარდება და ახალ მასშტაბებს იძენს. იზრდება საერთაშორისო კომპანიების ინტერესი ქართველი IT სპეციალისტების მიმართ და იზრდება სახელმწიფოს როლი მათ მხარდაჭერაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია სწორედ 3,000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა. გამომდინარე იქიდან, რომ კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, უახლოეს მომავალში იგეგმება მემორანდუმების გაფორმება სხვა კომპანიებთანაც, რომლებიც გამოთქვამენ მათი დასაქმების სურვილს.