საზოგადოება
16/03/2021

გიორგი მინდიაშვილი: აპრილში ქვეყანაში კომერციული ვაქცინის გამოჩენას უნდა ველოდოთ

აპრილიდან საქართველოში, კორონა ვირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა, შესაძლოა, კომერციული მოხმარებისთვისაც შემოვიდეს. ვაქცინის მწარმოებლებთან ქართული ფარმაკოლოგიური კომპანიები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.  

როგორც „ევექსი“ ჰოსპიტალების გენერალური დირექტორი, გიორგი მინდიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მოლაპარაკებების ნაწილი ზოგ შემთხვევაში დასკვნით ეტაპზეა გადასული.  

ჩემი ინფორმაციით, საქართველოს თითქმის ყველა მსხვილი ფარმაკომპანია აწარმოებს საკმაოდ აქტიურ მოლაპარალებებს სხვადასხვა მწარმოებელთან. ზოგი მოლაპარაკება ბოლოშია გასული, ზოგი გრძელვადიანია, თუმცა ძალიან ბევრი მოლაპარაკება დაწყებულია. ჩემი ვარაუდით, მარტის ბოლოდან, აპრილში ნელ-ნელა ქვეყანაში კომერციული ვაქცინის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ“,- აღნიშნა მინდიაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არაკომერციული ვაქცინა საქართველოში 13 მარტიდან შემოვიდა, ვაქცინაცია კი 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე მედიკოსები აიცრებიან. აცრა ნებაყოფლობითია.