საზოგადოება
05/05/2021

გიორგი ხანიშვილი: წიწიბურას დეფიციტი არ შეიქმნება, ბევრი ალტერნატიული მომწოდებელია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ბაზარზე წიწიბურას დეფიციტი არ შეიქმნება, მიზეზად გიორგი ხანიშვილი იმას ასახელებს, რომ ამ პროდუქტის მომწოდებელი ბევრი ქვეყანაა.

„წიწიბურა არის აღმოსავლეთ და შუა აზიის ძირითადი პროდუქტი, რუსეთი ჩვენი მთავარი მომწოდებელი არის მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფასი სხვა ალტერნატივებთან შედარებით იყო ყველაზე იაფი და ხელსაყრელი. შესაბამისად, რუსეთის აკრძალვა ქართულ ბაზარზე პროდუქციის დეიფიციტს არ შექმნის, რადგან სხვა მომწოდებელი ქვეყანა ბევრია, მათ შორისაა - უკრაინა, ყაზახეთი, ჩინეთი და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებიც,“ - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება არც მოულოდნელი ყოფილა საქართველოსთვის, რადგან სახელმწიფო მარაგები სტაბილურად კონტროლდება და ის, რომ ექსპორტიორ ქვეყნებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივად მიმდინარეობს მსჯელობა, რა შეზღუდვები და რა სატარიფო პოლიტიკა შემოიღონ ამა თუ იმ პროდუქტზე, საქართველოსთვის გამოწვევას არ ქმნის და ბაზარი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის მთავრობის დადგენილებას დეფიციტით არ უპასუხებს.

ხანიშვილის ინფორმაციით გარდა ქვეყნის შიგნით არსებული მარაგებისა, პროდუქცია არის კონტრაქტის ქვეშ - გზაშიც, შესაბამისად, თითქმის სამთვიან შეზღუდვას, საქართველო კარგად გაუმკლავდება.