საზოგადოება
10/03/2021

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ დროისთვის 300 ვაკანსიაა

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში ქართულმა მხარემ გერმანელი დამსაქმებლებისგან ამ დროისთვის 300-მდე ვაკანსია მიიღო, პარტნიორ ქვეყანაში გამგზავრების სურვილი კი საქართველოს 96 000-მდე მოქალაქეს აქვს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა აღნიშნა, გერმანული მხარისგან დაინტერესება დიდია და ვაკანსიების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია.

„გერმანიაში დასაქმების მსურველთა რაოდენობა დაახლოებით 95 700 ადამიანს შეადგენს. ამ დროისთვის გერმანული მხარისგან დაახლოებით 300 ვაკანსია გვაქვს მიღებული. რეგისტრირებულებიდან შერჩევის პროცესი დაწყებულია. ვაკანსიების მიღების პროცესი პერმანენტულ რეჟიმში გრძელდება. ასევე იქნება შერჩევის პროცესიც“,- აღნიშნა ბუნტურმა.

რამდენი ადამიანი შეძლებს გერმანიაში სამუშაოდ წასვლას, ეს საზოგადოების მთავარი კითხვაა, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის უწყებაში კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი ჯერჯერობით არ სურთ.

„ვაკანსიების რაოდენობის მსურველების რაოდენობასთან გათანაბრება გამორიცხულია. ეს მხოლოდ გერმანიასთან მიმართებით არ არის. საქართველოშიც მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი. რაც შეეხება მიღებულ ვაკანსიებს, შეთანხმების მიხედვით რაოდენობაზე კონკრეტული შეზღუდვა არ გვაქვს. ეს პროცესი გაგრძელდება და ვაკანსიების ოდენობაც გაიზრდება, ათასებს გაუტოლდება. კონკრეტულ რიცხვს ნამდვილად ვერ დავასახელებ. გერმანული მხარე გვარწმუნებს, რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია. სამუშაო სეზონის დაწყებიდან, ანუ აპრილის დასაწყისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე ძალიან ბევრ ვაკანსიას ველოდებით. გარანტიას ვიძლევით, რომ ეს ათასები იქნება“,- განაცხადა სამინისტროში შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა.