საზოგადოება
19/02/2021

გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

ახალი, ორ კილომეტრნახევრიანი სიგრძის ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა, ოპერატიული მართვის ცენტრის, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, მარშალ გელოვანის გამზირს, კოლეჯ „იკაროსის“ მიმდებარედ დაუკავშირდება.

კახა კალაძე ახალ გზას ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტს უწოდებს.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში იცვლება წყლის ცენტრალური მაგისტრალური მილები, კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა“ ახალი, მაღალი წნევის მილები უკვე დაამონტაჟა.

"სამუშაოების გამო, გზის ნაწილის დაკეტვა მოგვიწია, რამაც მოძრაობის დისკომფორტი შექმნა, მაგრამ ყველაფერი კეთდება ფუნდამენტურად. აქ იყო მეწყერსაშიში ზონები, სადაც გზის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის, დამატებითი ზომები იქნა მიღებული. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა მოეწყობა, ასევე, გათვალისწინებულია საყრდენი კედლების, წყალამრიდების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობა.