საზოგადოება
19/06/2023
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო კახოვკის (ხერსონი) ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო, საქართველოს შავი ზღვაზე მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითიც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში.
"ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. ამ ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიური დამაბინძურებლები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია,"-აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰესზე მომხდარი აფეთქების შედეგად შავ ზღვაში დიდი მოცულობის მტკნარი წყლის ჩადინება დაიწყო. შედეგად,გაჩნდა მოსაზრებამ რომ ეს პროცესი შესაძლოა შეიცავდეს დიდი ოდენობით პესტიციდებს და სხვადასხვა დამაბინძურებლებს.