"განახლებული რეგიონების" ფარგლებში რუსთავში ₾40 მლნ-ს ინვესტიცია განხორციელდება
"განახლებული რეგიონების" ფარგლებში რუსთავში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამით რუსთავში 40 მლნ ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსთავში სამუშაოები 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
"განახლებული რეგიონების" ფარგლებში, რუსთავში გათვალისწინებულია მეგობრობის გამზირის და მერიის წინ არსებული მოედნის რეაბილიტაცია. პროექტის შედეგად, 12 შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მეგობრობის გამზირზე სრულდება შენობების კეთილმოწყობა, გადახურვა, საინჟინრო ქსელების მოწყობა. გათვალისწინებულია ლიფტების მოწესრიგება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ასევე ქალაქის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედნების განახლება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ქუჩას და სკვერს. ამ დროისთვის პირველი ფაზის სამუშაოების 70% დასრულებულია.