გაძვირებული საახალწლო სუფრა - ინდექსი ISET-მა გამოაქვეყნა
საახალწლო სუფრა გაძვირდა, შარშანდელთან შედარებით 4,2%-ით მეტი ჯდება და საშუალო ფასი წელს 168,2 ლარს აღწევს, - საახალწლო სუფრის ინდექსი ISET-მა გამოაქვეყნა.
წელს საახალწლო სუფრის საშუალო ფასი 168.2 ლარია, რაც 4.2%-ით მაღალია 2019 წლის მაჩვენებელზე.
საახალწლო სუფრა წინა წელთან შედარებით გაძვირებულია საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლისა. სუფრა ყველაზე ძვირი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია (179.2 ₾), ყველაზე იაფი კი – სამეგრელო-ზემო სვანეთში (154.4 ₾).
2020 წლის დეკემბერში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე გაძვირდა ყველი (15%), კვერცხი (11%), პომიდორი (10%), რძე (9%), ბადრიჯანი (7%), ქათმის ხორცი (6%), თაფლი (95). თუმცა შემცირდა ვაშლის (-10%), სტაფილოსა (-8%) და კარტოფილის (-3%) ღირებულება.
ISET-ის მონაცემებით, ფასები განსაკუთრებით გაიზარდა იმპორტირებულ პროდუქტებზე. ასევე, ფასების ზრდა ფიქსირდება ისეთ პროდუქტებზე, რომელთა წარმოებისთვისაც იმპორტირებული საწარმოო საშუალებები გამოიყენება. იმპორტირებული პროდუქტების ფასებზე წნეხი აღმოჩნდა ქართული ლარის გაუფასურებაც – 2020 წლის დეკემბერში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებაში ქართული ლარი 13.5%-ით გაუფასურდა.
"მიუხედავად ამისა, წინა წელთან შედარებით, სურსათის ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. 2020 წლის ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი ასახავს წინა წლის საბაზისო ფასების მაღალ დონეს და შეიძლება კავშირში იყოს მთლიანი მოთხოვნის შემცირებასთანაც, რაც COVID-19-ის პანდემიას მოჰყვა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ჰორეკას (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) სექტორიდან შემცირებული მოთხოვნა და მომხმარებელთა შემცირებული შემოსავლები შეიძლება იყოს მოსალოდნელზე დაბალი სურსათის ფასების ინფლაციის მიზეზი", - განმარტავს ISET-ი.
იქვე მითითებულია, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებზე, მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც, თავის მხრივ, შეანელა ფასების ზრდა.
შეგახსენებთ, რომ საახალწლო სუფრის ინდექსს ISET-ი ყოველწლიურად აქვეყნებს. ითვლის, რა უჯდება სტანდარტული სადღესასწაულო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში.
კვლევითი ინსტიტუტი ითვლის ისეთი ტრადიციული კერძების ფასებს, როგორებიცაა მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილი და გოზინაყია შერჩეული.