გადაუდებელი საჭიროებისას გარკვეული მედიკამენტები ურეცეპტოდ გაიცემა – წამლების ჩამონათვალი
გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას გარკვეული დასახელების მედიკამენტები ურეცეპტოდ გაიცემა.
საუბარია ანტიარითმიულ, სპაზმოლიზურ, წნევის დამწევ, ანტიალერგიულ, ანაფილაქსიურ შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენ, ანტიდიაბეტურ, ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებებზე, ასევე ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებებზე, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში ურეცეპტოდ გაიცემა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მედიკამენტების – კაპტოპრილი, დექსამეტაზონი, ეპინეფრინი, ფუროსემიდი, გლუკოზა, ინსულინი, სალბუტამოლი, ნიფედიპინი, ამიოკორდინი, ატროპინი,
დიფენჰიდრამინი, გლიბენქლამიდი, მეტფორმინი, მეტოპროლოლი, პრედნიზოლონი, ნიტროგლიცერინი, ნალოქსონი და სხვა – შეძენა აუცილებლობის შემთხვევაში, რეცეპტის გარეშეც არის შესაძლებელი.
აღნიშნული გამონაკლისი, მეორე ჯგუფის მედიკამენტებს ეხება, რომლის რეცეპტიც 1-ლი მარტიდან, მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.
რეცეპტის გარეშე გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდებიან. მსგავსი ტიპის პრეპარატებია:
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვა.
გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია განთავსებულია ბმულზე.