საზოგადოება
24/03/2022

Financial Times: ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-თან სასამართლო დავა მოიგო

Financial Times-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარულ Credit Suisse-თან სასამართლო დავა მოიგო. 

საერთაშორისო გამოცემის თანახმად, მოსალოდნელია, რომ რომ ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს, მაგრამ საქმის შესახებ ინფორმირებული ადამიანები ადასტურებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა. 

Financial Times წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო გამოცემის კითხვა უპასუხოდ დატოვეს ბერმუდის სასამართლოშიც. 

თავად Credit Suisse-მა სასამართლოს მოსალოდნელი განაჩენის შესახებ განცხადება ოთშაბათს გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბერმუდის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას მოკლე ხანში ელოდნენ. 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა. 

ლესკადრონმა 2020 წელს თავი მოიკლა. ბანკი ამტკიცებს, რომ ის მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებსა და უფროსებს უმალავდა. ივანიშვილი და სხვა მოსარჩელეები კი მიიჩნევენ, რომ მის კოლეგებს თაღლითური ქმედების შესახებ უნდა სცოდნოდათ და თუ არ იცოდნენ და ვერ შეამჩნიეს, ამის გამო მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.