საზოგადოება
28/07/2022
ფილმები ინტერნეტში მარტივად ხელმისაწვდომი აღარ იქნება
ონლაინ სივრცეში პირატული კონტენტის განთავსება შეიზღუდება. მთავრობა USAID -თან ერთად შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომლის მიხედვითაც ფილმები, სერიალები, ვიდეო თამაშები თუ პროგრამული უზრუნველყოფა ონლაინ სივრცეში მარტივად ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
"საქპატენტის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მანანა ფრუიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კანონპროექტი დამუშავების პროცესშია, მიმდინარეობს კონსულტაციები. შესაბამისად, ცვლილების ამოქმედების ზუსტი თარიღი განსაზღვრული არ არის.
"ახლა მიმდინარეობს მუშაობა, როგორ შეიძლება დარეგულირდეს საკითხი, ყველასთვის მისაღები ფორმით", - აღნიშნა მანანა ფრუიძემ.
მისი თქმით, ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სავალალო მდგომარეობაა, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ადგილობრივ შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ასევე, ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.
მანანა ფრუიძე ამბობს, რომ საუბარი არ არის წვდომა იყოს მხოლოდ ფასიანი. შესაძლებელია, შეიქმნას ალტერნატიული კონტენტი, სადაც გარკვეული ნაწილი იქნება უფასო და აბსოლუტურად ხელმისაწვდომი. თუმცა, ამავე დროს დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები.
"დღეს არ არის საუბარი იმაზე, რომ ხვალ რაიმე აიკრძალება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ შეიქმნას ალტერნატიული კონტენტი, სადაც ხელმისაწვდომობაზე არ იქნება პრობლემა. მეორეს მხრივ, აუცილებელია დავიცვათ საავტორო უფლებები. კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ის ანაზღაურება, რა რესურსსაც ხარჯავენ. უნდა გავითვალისწინოთ, საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოები არის გარკვეული ქონება, რის შესაქმნელადაც იხარჯება ფინანსები. ამ საკუთრების უფლებას სჭირდება დაცვა, რომ შეიქმნას ისევ ახალი, მოხდეს ჩვენი კულტურის და ეკონომიკის განვითარება. შესაბამისად, ამისთვის გარკვეული საზღაურის დაწესებაა შესაძლებელი",- განაცხადა მანანა ფრუიძემ "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში.
Write to Maia Demetrashvili