საზოგადოება
15/06/2023

ფილიპინების დამოუკიდებლობის დღე და საქართველოში საკონსულოს დაარსებიდან 20 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ფილიპინების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური საზეიმო მიღება გამართა, სადაც მიწვეულმა საზოგადოებამ ასევე აღნიშნა საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის საკონსულოს დაარსებიდან 20 წლის იუბილე.

2003 წლიდან მოყოლებული, საკონსულო  შეფერხების გარეშე მუშაობს გენერალური საკონსულოსთვის განსაზღვრული დიპლომატიური პროტოკოლისა და უფლებების შესაბამისად.

როგორც გენერალურმა კონსულმა თეიმურაზ ჭიჭინაძემ მიღებაზე წარმოთქმული მიმართვისას განაცხადა, მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოს 20-ეულში შემავალი და ბუნებრივი რესურსებითა და კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი სახელმწიფოს წარმომადგენლობა დიდი პასუხისმგებლობაც არის და დიდი შესაძლებლობაც, რომ მიმღებ ქვეყანასთან თანამშრომლობით ახალი ეკონომიკური და კულტურული კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, ამით კი  ორი ქვეყნის მეგობრობა და თანამშრომლობა განამტკიცო და  ამ ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანაში წვლილი შეიტანო. 

„ეს პროცესი გაძლევს საშუალებას, რომ აქტიური მუშაობით და თანამშრომლობით ახალი ეკონომიკური და კულტურული კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ამით განამტკიცო ორი ქვეყნის მეგობრობა და თანამშრომლობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს შესაძლებლობა მაქვს სწორედ ამ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა, საქართველოში მცხოვრებ თუ სხვადასხვა მიზნით საქართველოში სტუმრად მყოფ ფილიპინების მოქალაქეებს გამოვუცხადოთ სრული მხარდაჭერა და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარებაში. ამას ვემსახურებით ყოველდღიურად და მომავალშიც, ცხადია, ასე გაგრძელდება. 

ფილიპინელი ხალხი დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 125-ე წელს ზეიმობს და მოხარული ვარ, რომ ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებული საზეიმო განწყობის  გაზიარების საშუალება საქართველოშიც გვეძლევა“, - აღნიშნა თეიმურაზ ჭიჭინაძემ.

საუბარში მან ასევე აღნიშნა, რომ საპატიო კონსულების საქმიანობის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული სამოღვაწეო ქვეყნის მთავარი დიპლომატიური უწყების მათდამი დამოკიდებულებაზე.

„რა თქმა უნდა, ბევრი რამ, თუ ყველაფერი არა, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად, რამდენად პერსპექტიულად უყურებს და აფასებს სამოღვაწეო ქვეყნის მთავარი დიპლომატიური უწყება საპატიო კონსულების შესაძლებლობებს. დღეს ჩვენს საზეიმო მიღებაზე იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი რანგის წარმომადგენლები და მე მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, სამინისტროსა და საპატიო კონსულების ურთიერთობა უფრო და უფრო მეტ დადებით იმპულსს იძენს. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობის ამგვარი ხასიათი ბევრ კარგი იდეის განხორციელების საშუალებას მოიტანს. იმავეს თქმა შემიძლია სამინისტროსა და საპატიო კონსულთა ასოციაციას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე“, - ხაზი გაუსვა თეიმურაზ ჭიჭინაძემ, რომელიც ამავე დროს აღნიშნული ასოციაციის ხელმძღვანელიც გახლავთ.

როგორც თურქეთში ფილიპინების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ხუან ედეინგ უმცროსმა აღნიშნა, იგი მოხარულია, რომ ფილიპინების ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა საქართველოში საზეიმო ვითარებაში და სასიამოვნო გარემოში ხდება.

„მოხარული ვარ, რომ საკონსულოს გახსნის 20 წლისთავს და ამავე დროს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების დღეს, საქართველოში განსაკუთრებულ ვითარებაში აღვნიშნავთ. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს.ორივე ქვეყანა გამოირჩევა მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით და დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობის არსებული ხარისხი კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა ფილიპინელმა დიპლომატმა.

საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას თანამედროვე ფილიპინელი მხატვრების ნამუშევრების გაცნობის საშუალებაც მიეცა. მიღებას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა.

 

Businesspartner