ფასებს ჯერჯერობით მარაგების ხარჯზე ვინარჩუნებთ - ბოხუას კლინიკა
ლარის არასტაბილურობამ შესაძლოა სამედიცინო დაწესებულებები არაერთი პრობლემის წინაშე დააყენოს. მათ შორისაა, სამედიცინო სერვისებზე ფასების ზრდა, რაზეც კლინიკების ნაწილი უკვე ალაპარაკდა.
ნ. ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი კოტე ყიფიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამჟამად კლინიკაში ძველი ფასები მოქმედებს, თუმცა, თუ ეროვნული ვალუტა არ დასტაბილურდა, რამდენიმე თვეში სამედიცინო მომსახურება გაძვირდება.
ყიფიანის განცხადებით, ბოხუას სახ. საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრს სახარჯი მასალები უცხოეთიდან შემოაქვს, შესაბამისად, გაზრდილი ხარჯი მომსახურების ფასზე აისახება.
„ეს პრობლემაა და ეს რამოდენიმე თვეში ძალიან ცუდად აისახება. ფასებს ჯერჯერობით არსებული მარაგების ხარჯზე ვინარჩუნებთ,“ - აცხადებს ყიფიანი.
რაც შეეხება იმას, თუ დაახლოებით რამდენი პროცენტით შეიძლება გაიზარდოს ფასები, ამაზე ყიფიანი ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ ეს ზრდა ლარის კურსის გაუფასურების პირდაპირპროპორციული იქნება.
„რომ არ გავზარდოთ ფასი, ეს ხარისხზე აისახება და კატასტროფა იქნება. ჩვენი კლინიკა არის ხარისხიანი, ზოგადად, გულ-სისხძარღვთა ქირურგიაში არ შეიძლება ხარისხი დააგდო. სამწუხაროდ, ადამიანები იძულებულები იქნებიან წავიდნენ იქ, სადაც შედარებით დაბალი ფასი იქნება, თუმცა, დაბალი ხარისხი. ეს კი ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს,“ - აცხადებს ყიფიანი.
კითხვაზე, გაზრდილი ფასები ხომ არ შეამცირებს პაციენტების მხრიდან კლინიკებში მიმართვიანობას, კოტე ყიფიანი აღნიშნავს, რომ ბოხუას სახ. საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში ეს არ მოხდება, რადგან მისი პროფილი ისეთი დაავადებების მკურნალობაა, რომელიც უმეტესწილად გადაუდებელია. გარდა ამისა, დღეს ქვეყანაში პაციენტების უმრავლესობა, ონკოლოგიის გამოკლებით, არის ისეთი, რომელიც იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად, ანუ გადაუდებელია და არა გეგმიური.