საზოგადოება
15/10/2021

FAO: მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა და 811 მლნ–ს მიაღწია

16 ოქტომბერი მსოფლიო სურსათის დღეა.  

წელს ეს დღე განსაკუთრებულად რთულია. COVID-19-ით გამოწვეული პანდემია გლობალურ პრობლემად რჩება, ენით აღუწერელი სირთულეებითა და დანაკარგებით.– ასე გამოეხმაურა ამ დღეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ.

ღია წერილში ნათქვამია, რომ უკვე აშკარად იგრძნობა კლიმატის ცვლილების შედეგები. ზოგან მოსავალი ნადგურდება, ზოგან სახლები ინგრევა. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კატასტროფების გამო. უკვე წლებია, სურსათის უსაფრთხოების პრობლემა არ ყოფილა ასეთი მწვავე.

„მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენ ვიბრძვით. ვსახავთ ახალ გეგმებს და ვეძებთ ახალ გზებს - საკვების წარმოების, შენახვის, განაწილებისა და მოხმარების გასაუმჯობესებლად. დავიწყეთ პრობლემებთან დაპირისპირება. გასულ თვეში ჩავატარეთ სურსათის სისტემების მსოფლიო სამიტი, სადაც შევთანხმდით, რომ მსოფლიომ უნდა გარდაქმნას აგროსასურსათო სისტემები. ჩავატარეთ ახალგაზრდული ფორუმები და ამ საკითხით ახალგაზრდები დავაინტერესეთ, თუმცა, ცხადია, გლობალური სისტემები მხოლოდ ახალგაზრდებმა არ უნდა გარდაქმნან.

შიმშილის პრობლემა მსოფლიოში პანდემიამდეც მწვავედ იდგა, მაგრამ ბოლო დროს მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა და 811 მილიონს მიაღწია. ეს წარმოუდგენელი მონაცემია იმ ფონზე, რომ, რეალურად, მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის სურსათი იწარმოება. სამწუხაროდ, მსოფლიოში წარმოებული სურსათის 14% წარმოების პროცესში, ხოლო 17% მოხმარებისას იკარგება. ამას ემატება მავნებლებისა და დაავადებების ზემოქმედება, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების განადგურება, კონფლიქტები.“–აღნიშნავს, კუ დონჟუ.

FAO–ს გენერალური დირექტორის წერილში ნათქვამია, რომ ისინი ხედავენ რამხელა გამოწვევაა მსოფლიო მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა, გარემოზე და კლიმატზე მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის გარეშე.

„FAO-მ, როგორც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ლიდერმა ორგანიზაციამ, გარკვეული გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, გვჯერა, შევძლებთ ამ კომპლექსური პრობლემების დაძლევას. ჩვენი მიზნები ამ დევიზში გავაერთიანეთ: უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი სიცოცხლე. ჩვენ დავსახეთ მომავალი 10 წლის სტრატეგიული გეგმა, გავწერეთ კონკრეტული ქმედებები, რომ დევიზი რეალობად ვაქციოთ.”-წერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი.

Businesspartner