საზოგადოება
13/11/2022

ევროპული სასამართლოების პრაქტიკა ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში - ევროპელმა მოსამართლეებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ევროპული სასამართლოების პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ბორჯომში, ევროპელი და ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით ორდღიანი სემინარი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ესწრება.

საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) მიერ მოწყობილ სემინარში საქართველოდან 11 მოსამართლე მონაწილეობდა, რომლებსაც ევროპის სასამართლოების საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს ევროკავშირის საერთო სასამართლოს (GCEU), მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (CJEU), ლიეჟის კომერციული სასამართლოს (ბელგია) მოქმედი მოსამართლეები და EUIPO-ს სააპელაციო საბჭოს (BOA) წევრებმა.

სამუშაო შეხვედრის პროგრამა მოიცავდა ევროკავშირში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების შესახებ პრეზენტაციების წარდგენას, სასამართლო გადაწყვეტილებების ირგვლივ დისკუსიის გამართვას და აღნიშნული მიმართულებით გახმაურებული საქმეების განხილვას. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და საქალაქო, ასევე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები.

ღონისძიების პირველ დღეს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომი, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, შედგენილია CJEU-ს, GCEU-ს და EUIPO BOA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, რომელიც 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ EUIPO და საქპატენტი. ის მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოებას.