Everest Group-მა საქართველოს სერვისების აუთსორსინგის პოტენციალი დადებითად შეაფასა
მსოფლიოში უმსხვილესმა საკონსულტაციო ორგანიზაციამ Everest Group საქართველოს ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის პოტენციალი დადებითად შეაფასა და ქვეყნის პოტენციალის შესახებ თავის კლიენტებსაც აცნობა.
ანგარიშის მეშვეობით ორგანიზაციის გამომწერებს, კერძოდ, უმსხვილესი გლობალური ბიზნეს სერვისების პროვაიდერი კომპანიებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ Everest Group-ის რესურსებს ახალ ქვეყნებში ბიზნეს ოპერაციების გაფართოებასთან დაკავშირებით, პირველად ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ საქართველოს პოტენციალს სერვისების აუთსორსინგის მიმართულებით.
Everest Group -ის ანგარიშის თანახმად, საქართველო არის სწრაფად განვითარებადი და მიმზიდველი ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც უცხოენოვანი ბიზნეს პროცესების, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების მიწოდების კუთხით.
ბიზნეს სერვისების აუთსორსინგი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო მსოფლიოში კიდევ უფრო გაზრდილია დისტანციურად სერვისების მიწოდებაზე მოთხოვნა, რაც ქმნის ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყების შესაძლებლობას პოსტ პანდემიურ პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების პროვაიდერი კომპანიების უმრავლესობამ კრიზის მიუხედავად არა მხოლოდ შეძლეს არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, არამედ მოახერხეს ახალი პროექტების ინიცირება საერთაშორისო დამკვეთებისთვის. სააგენტოს საინვესტიციო გუნდი აგრძელებს სექტორის არსებული მოთამაშეების აქტიურ მხარდაჭერას და მუშაობას ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, რათა ქვეყანა პოზიციონირდეს, როგორც ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის ახალი ჰაბი აღმოსავლეთ ევროპაში“, - აცხადებენ სააგენტოში.