საზოგადოება
23/06/2022

ევექსი: ტარიფების გაზრდის შემდეგ ექთნებში ინვესტიციას განვახორციელებთ

პირველი, რასაც “ევექსი ჰოსპიტლები” ტარიფების გაზრდის შემდეგ გააკეთებს, ეს იქნება ექთნებში ინვესტიცია. ამის შესახებ “ევექსი ჰოსპიტლების” გენერალური დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ქავთარაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკები სახელმწიფოს წლების წინ დადგენილი ტარიფების გადახედვას სთხოვენ.

ეკატერინე ქავთარაძე ამბობს, რომ „ევექსი ჰოსპიტლები“ საექთნო საქმიანობის განვითარებაში უკვე ახორციელებს ინვესტიციებს, თუმცა ტარიფების ზრდა ამ კუთხით მეტ შესაძლებლობებს მისცემთ.

„კარგი საექთნო პერსონალი სამედიცინო მომსახურების ხერხემალია. საქართველოში კი ექთნები ის დეფიციტურია და 4-ჯერ ნაკლები ექთანი გვყავს ევროპასთან შედარებით. უნდა მოხდეს ამ პროფესიის პრომოცია, რომ მათი საქმიანობა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად დაუფასებელია. ეს სფერო ჯანდაცვის სისტემის ნებისმიერი პერსონალის ტკივილია და ექთნებს როგორც ფინანსური ისე აღიარებითი კუთხით სხვა ტიპის დაფასება სჭირდება,“ – განაცხადა ქავთარაძემ.

მისი თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით სახელმწიფოს ეთანამშრომლებიან და მიუხედავად იმისა, რომ ტარიფების მომატებამდეც „ევექსმა“ 5 მილიონით გაზარდა საექთნო პროფესიონალების სახელფასო ბიუჯეტი, ეს არაა საკმარისი.

რაც შეეხება „ევექსი ჰოსპიტლებში“ დასაქმებული ექთნების ამჟამინდელ ანაზღაურებას, ეკატერინე ქავთარაძის ინფორმაციით, შარშანდელი წლიდან დაწესდა მინიმალური ანაზღაურების სისტემა – თბილისში ესაა 600 ლარი ხელზე ასაღები, ხოლო პროექტების ფარგლებში, 200 ლარი ემატება იმ ექთნებს, რომლებიც უწყვეტ სამედიცინო განათლებაში არიან ჩართულნი და მუშაობენ განყოფილებებში, სადაც პაციენტების კმაყოფილება 80%-ზე მეტია.

„მიუხედავად იმისა, რომ ესაა ბაზარზე კონკურენტული ანაზღაურება, ვთვლი, რომ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, სახელმწიფოს დიდი იმედი გვაქვს, და მათი მხრიდანაც მოდის მესიჯები, რომ საექთნო საქმეს სჭირდება ინვესტიცია,“ – განაცხადა ქავთარაძემ.

ეკატერინე ქავთარაძე ამბობს, რომ ექთნებს სახლში მისვლისას უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ უდიდეს საქმეს აკეთებენ. მისივე თქმით, საექთნო საქმიანობის გაძლიერების პროექტი, რომელიც „ევექსი ჰოსპიტლებმა“ დაიწყო,  მხოლოდ ხელფასის მომატებას არ ეხება – ის გულისხმობს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის შექმნას, რომელიც ბევრი წელია მოქმედებს, ახლახანს კი დაემატა „ედვანს ტრენინგები“, რომლის გავლის შემდეგ ექთნები იქნებიან სრულ შესაბამისობაში ამერიკის და ევროპის საექთნო კურუკულუმებთან. პროექტის მეორე ნაწილი ესაა საექთნო მენეჯმნენტის ამაღლება, მესამე საფეხური კი არის უკუკავშირით და სხვადასხვა ღონისძიებით ექთნებისთვის იმ განცდის შექმნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი პროფესია და რომ კომპანია, პაციენტი, მენეჯმენტი ზრუნავს მათზე.

jandacva.ge