ფოტო: csreurope
საზოგადოება
25/07/2022

ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა - რას გულისხმობს ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონი

ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა - საქართველოს მალე ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონი ექნება. კანონპროექტის განხილვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით უკვე გაიმართა.

„ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები ეხება, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე კერძო სექტორს. მნიშვნელოვანია, განხილვის პროცესში თითოეული სახელმწიფო უწყების აქტიური ჩართულობა, რათა პარლამენტს წარედგინოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას ემსახურება, პრაქტიკაში აღსრულებადი იქნება და არ შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა ახალი კანონპროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონი სახეობების, ჰაბიტატების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვის, საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის, ველური მცენარეებით, სოკოებითა  და გარეული ცხოველებით სარგებლობის საკითხებს არეგულირებს. კანონი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) გაიდლაინებს ემყარება და მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციის (CBD) და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დანერგვას, ასევე, განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის საკითხებს.

კანონის პროექტი „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ქართველი ექსპერტების მიერ მომზადდა.