საზოგადოება
23/02/2021

ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა.

ამ დროისთვის, ძირითადად, ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევისა და სახურავების გადახდის ფაქტები.

თბილისის მერიის ცნობით, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ფანჯარა ჩამოვარდა, ერთ მისამართზე კი ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლის კედელი.

ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ათივე რაიონში, გამგეობების თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა. ასევე, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ტერიტორიას ჩახერგილი ხეებისგან წმენდენ.