საზოგადოება
02/08/2020

დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლებაზე ₾5,7 მლნ დაიხარჯება

დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლების მეორე ფაზა იწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 5,7 მლნ-იანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ტენდერში წინადადებები 23 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს სრულდება.

როგორც სატენდერო განაცხადშია მითითებული, პროექტით განსაზღვრულია რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, შამანაურის, წმ. ნინოს და კოსტავას ქუჩების შერჩეულ მონაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. პროექტით განსაზღვრულია ორი განსაკუთრებული ღირებულის მქონე სახლის - ილია ჭავჭავაძისა და ე.წ.„აპრელოვის“ სახლების რეაბილიტაცია. აქვე თავმოყრილია ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით ღირებული, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე მე-19-მე-20სს. გამორჩეული არქიტექტურული ნიმუშები. პროექტის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა.

აღსანიშნავია სახლების დღევანდელი სავალალო მდგომარეობა. დიდი ხნის შეუკეთებელია ფასადები. ბოლო წლების უსისტემო კუსტარულმა გადაკეთებებმა შენობა-ნაგებობების პირვანდელი სახე შეცვალა. პროექტის ძირითადი მიზანია შენობების გარე იერსახის აღდგენა-რეაბილიტაცია. შესაბამისად, საპროექტო სამუშაოების დიდი ნაწილი ეხება ფასადებსა და სახურავებს. ამასთან კეთილმოეწყობა ქუჩების მითითებული მონაკვეთები -
რებილიტირდება სავალი ნაწილი, ტროტურები, მოეწყობა განათება.

აღდგება ყველა ხის აივანი თუ შუშაბანდი, შესაბამისი ხის ელემენტებით. დეტალების ნაწილი რესტავრირდება, ნაწილი - არსებულის ანალოგიით აღდგება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება და რიგ შემთხვევებში შეიცვლება გვიანდელი უსახური ეზოს ღობეები, ჭიშკრები.

Businesspartner