საზოგადოება
19/07/2022

DRI პრემიერს ჯანდაცვის სფეროში დაფინანსების ერთნაირი მიდგომის შემუშავების რეკომენდაციით მიმართავს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რეკომენდაციით მიმართავს, გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სფეროში არსებული დაფინანსების ერთნაირი მიდგომის უზრუნველსაყოფად.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. პანდემიის დროს სამედიცინო სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიების მიზნით ორგანიზაციამ ჩაატარა შეხვედრები თბილისში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალთან. გარდა ამისა, ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრა შედგა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ და დევნილთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს", - ნათქვამია DRI-ის განცხადებაში. 

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, შესწავლის შედეგად, დღეს არსებული მდგომარეობით, დევნილის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ეთნიკურად აფხაზი და ოსი მოსახლობისგან განსხვავებით, დაფინანსების კუთხით არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან. 

DRI მიმართავს საქართველოს მთავრობას:

უზრუნველყოს ჯანდაცვის სფეროში არსებული დაფინანსების კუთხით ერთნაირი მიდგომები. 

მოგვაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად დაგეგმილი ან განხორციელებული ნაბიჯების შესახებ.