საზოგადოება
03/01/2023

DRG სისტემის სატესტო პერიოდი დასრულდა – დარღვევების შემთხვევაში კლინიკები დაჯარიმდებიან

DRG-ის სისტემით განსაზღვრული წესების დარღვევის გამო კლინიკების დაჯარიმება იწყება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით,  ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ კლინიკების მხრიდან უკვე გამოიკვეთა ხარვეზები, თუმცა რადგან პროგრამა სატესტო რეჟიმში მუშაობდა, ამ ორი თვის განმავლობაში მათი დაჯარიმება არ ხდებოდა, იანვრიდან კი უკვე ფინანსური სანქციები ამოქმედდება.

„კლინიკები გარკვეულ მაღალტექნოლოგიურ გეგმიურ ოპერაციებს არ ნიშნავდნენ იმის გამო, რომ გასაშუალოებულ ტარიფში საშუალოზე ოდნავ მაღალი თანხა სჭირდებოდათ რეალურად, თუმცა კომუნიკაცია გვაქვს და გარკვეულ კოდებზე უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, ოპერაციები გააკეთონ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ჩარევაზე შესაძლოა იზარალონ კიდევაც. წერილობით ვაცნობებთ კლინიკებს, რომ ეს არის დარღვევა და პირველი იანვრიდან, როდესაც საპილოტე რეჟიმი დასრულდება, კლინიკებს ასეთი ტიპის შემთხვევებზე საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ. არის კოდები, სადაც ფასის შემცირება იქნება, არის კოდები, სადაც მომატება იქნება იქიდან გამომდინარე, რა სტატისტიკაც დაიდება ორი თვის შედეგად,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ DRG ამოქმედების პირველივე დღეებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოთხოვნადი ექიმებმა უარი თქვეს „საყოველთაო ჯანდაცვის“ ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ტარიფით ოპერაციების ჩატარებაზე. ერთერთი ასეთი გახმაურებული შემთხვევა იყო, როდესაც ერთერთ პაციენტს „რკინიგზის საავადმყოფოში“ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებით ტრავმატოლოგიური ოპერაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს.  კლინიკამ პაციენტს განუცხადა, რომ თუ სურს, ოპერაცია  სასურველმა ექიმმა გაუკეთოს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა დატოვოს და 6200 ლარიანი ოპერიაცია მთლიანად თავად დააფინანსოს. ექიმი, რომელსაც აღნიშნული ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ვაჟა გაფრინდაშვილია. ცნობილი ტრავმატოლოგის თქმით,ამ ოპერაციიის “საყოველთაო ჯანდაცვის” ფარგლებში გაკეთებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი ამ სამედიცინო ჩარევის ხარისხიანად ჩატარების საშუალებას არ იძლევა.

DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

დამატებითი მომსახურებების, მაგალითად „ვიაიპი“ პალატის ან კონკრეტული წარმოების სამედიცინო მასალის გამოყენების სურვილის შემთხვევაში პაციენტს უფლება აქვს, ერთჯერადად, მხოლოდ კონკრეტული სამედიცინო ჩარევისთვის, დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვა და მთელი სერვისის ღირებულება კერძო დაზღვევის საშუალებით ან საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს.

დიარჯის საპილოტე რეჟიმისთვის ორთვიანი ვადა – ნოემბერ-დეკემბერი იყო გამოყოფილი, რა დროსაც ხარვეზების შემთხვევაში კლინიკები არ ჯარიმდებოდნენ. იანვრიდან კი კლინიკა, რომელიც პაციენტს დადგენილ ანაზღაურებაზე მეტ თანხას გადაახდევინებს, ამ შემთხვევისთვის დაწესებული ტარიფის სამმაგი ოდენობით დაჯარიმდება. დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 6 თვით გამოეთიშება.

jandacva.ge

Businesspartner