საზოგადოება
10/06/2022
"დელტა ვებე" ქართული წარმოების უპილოტო დრონებს წლის ბოლომდე გამოუშვებს
ქართულ-პოლონური საწარმო "დელტა ვებე" საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს.
საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. კომპანია ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს წლის ბოლომდე გამოუშვებს.
საწარმოს ბაზაზე შეიქმნება ასევე შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი.
გარდა ამისა, დაწყებულია მუშაობა არსებული თვითმავალი საარტილერიო სისტემების რემონტისა და განახლების კუთხით. პარალელურად, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული საარტილერიო დანადგარების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემაში ჩართვის მიმართულებით, რაც საშუალებას იძლევა, გაიზარდოს დაზიანების სიზუსტე და შემცირდეს ცეცხლის წარმოების დრო.
მიმდინარეობს მუშაობა ნაღმმტყორცნების, მათ შორის მობილური/თვითმავალი ნაღმმტყორცნების წარმოებასა და შეძენაზე.
"თბილავიამშენისა" და "დელტას" მხარდაჭერით, აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. გაიმართა 6 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე 4 ერთეული მი-24, 3 ერთეული იროკეზი UH-1H და ან-2 ტიპის თვითმფრინავები. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება/განვითარება.
დაიწყო ნატოს სტანდარტების ავტომატური GI-4 ტიპის შაშხანების წარმოების პროცესი. მიმდინარეობს დამზადებული 5 ერთეული ნიმუშის ტესტირება სხვადასხვა მეთოდით. იარაღების გამოცდის შემდეგ, საწარმო დაიწყებს სრულყოფილ ფუნქციონირებას
ბოლო წლებში „დელტას“ მიერ წარმოებული დიდგორის დაახლოებით 50 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაცია უკვე გადაეცა თავდაცვის ძალებს და ეს პროცესი მომავალში გაგრძელდება.
დელტა ტექსტილის მიერ სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოება, უკვე წარმატებით მიმდინარეობს.