საზოგადოება
22/12/2020

დავით სერგეენკო: არცერთი ვაქცინა ჩვენთვის მიუწვდომელი არ არის

ცალსახად გამორიცხვა რომ ჩვენი ქვეყანა ვერ შეწვდება რომელიმე ვაქცინას ასე საკითხი არ დგას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა.

მისი განმარტებით, ლოჯისტიკურად ყველა ვაქცინას შესანახად სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია სჭირდება, თუმცა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სახელმწიფოს ამის რესურსები გააჩნია.

„ვაქცინის შენახვის მიმართულებით ცარიელ ადგილას არ ვართ, იგივე -80 გრადუსიანი მაცივრები ქვეყანაში არის. ამჟამად გვაქვს 6 ერთეული ასეთი მაცივარი, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა ამ რესურსის კიდევ უფრო გაზრდაზე. სამედიცინო ენაზე ამ საკითხს ცივი ჯაჭვი ეწოდება და ამ წლების განმავლობაში 90-იანი წლების ტექნიკა თანამედროვე დანადგარებით შეიცვალა. არცერთი ვაქცინა მიუწვდომელი ჩვენთვის არ არის,“ - დავით სერგეენკო.

რაც შეეხება ვადებს, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, საქართველომ ვაქცინა უკვე შეუკვეთა და ამ ეტაპზე ქვეყანა ვაქცინის რიგში დგას. მისივე განმარტებით, ვაქცინის შეძენის მიმართულებით რაიმე ფინანსური პრობლემა არ დგას, ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის მწარმოებლების მხრიდან ვაქცინის მიწოდების სისწრაფე.

„პრობლემის არსი არ არის ფინანსურ შესაძლებლობებში. ფინანსურად ეს მიწვდომადია. პრობლემა არის ის რომ მოთხოვნა არის ძალიან დიდი და ქვეყნების ნაწილმა წინასწარ უკვე გააფორმა შეძენის ხელშეკრულება მწარმოებლებთან. მწარმოებლებსაც თავისი რესურსი გააჩნიათ. ისინი აფართოებენ ამ შესაძლებლობებს მაგრამ ჯერჯერობით ლოჯისტიკური პრობლემები მიწოდებასთან დაკავშირებით მაინც არსებობს,“ - დავით სერგეენკო.

 

Businesspartner