საზოგადოება
13/06/2022

დაცული ტერიტორიების სააგენტო გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან €16,250 მლნ–ის გრანტს მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარებისთვის, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, 16,250 მილიონი ევროს ღირებულების გრანტს მიიღებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მართვის ეფექტიანობისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესება,  კონსერვაციის უზრუნველყოფა, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ეკოტურიზმის განვითარება.

ახალ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერმა, ფრენკ მორშელმა მოაწერეს. ხელმოწერის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო.

„გარემოზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვახორციელებთ. დაცული ტერიტორიების ფართობი, დაახლოებით, 300 000 ჰექტრით გავზარდეთ. წელს ვგეგმავთ, დავაარსოთ ახალი დაცული ტერიტორიები, ხოლო არსებული გავზარდოთ 100 000 ჰექტრით. ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას სჭირდება დაფინანსება, რათა მოეწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორთა ცენტრები, ჩვენი რეინჯერები აღიჭურვონ შესაბამისი მოწყობილობებით; აქედან გამომდინარე, სათანადო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. გერმანიის მთავრობა წლებია მხარს გვიჭერს დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით. გვაქვს მიმდინარე პროექტიც; დღეს კი, ხელი მოვაწერეთ ახალ საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც სწორედ დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გერმანიის მთავრობას და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს აღნიშნული მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო “, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, რომლის ფინანსური მხარდაჭერით არაერთ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი.

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ახალი საგრანტო ხელშეკრულება ,,ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“  24 მილიონ ევრომდე მოცულობის საგრანტო მხარდაჭერას ითვალისწინებს, საიდანაც, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, 16,250 მილიონ ევროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მიიღებს დაცული ტერიტორიების შექმნისა და გაფართოების ხელშეწყობისთვის; მთავრობებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს აჭარის სატყეო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებასაც.