დასაშვებია თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია
დასაშვებია თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია: შეიძლება თუ არა არავაქცინირებულ პირებს შეეზღუდოთ შრომის, განათლების, გადაადგილების და სხვა უფლებები, - კვლევის ავტორი: თამარ კერძაიაა, სამედიცინო სამართლისა და შრომის სამართლის ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე.
კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, სხვადასხვა ქვეყანაში დღის წესრიგში დადგა საკითხი იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო ქვეყნის მოსახლეობისთვის ან სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის (პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, კვებისა და სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და სხვ.), ასევე, არღვევს თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის აღიარებულ უფლებებს, კანონიერი იქნება თუ არა, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეეზღუდოთ მუშაობის უფლება ვაქცინაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან შეიძლება თუ არა მომავალში ბავშვები არ დაუშვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თუ მათი მშობლები უარს განაცხადებენ თავიანთი შვილების აცრაზე.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევის შედეგები 2021 წლის 18-19 ივლისს გამართულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაზე BIOMED 2021 ("მსოფლიოს მკვლევართა გაერთიანება კოვიდ 19-ის წინააღმდეგ") იქნა წარმოდგენილი, რომელიც ექსპერიმენტულ, კლინიკურ და თეორიულ კვლევებს აშუქებდა.
სამეცნიერო კვლეევა ასოცირებული პროფესორის, სამედიცინო და შრომის სამართლის ექსპერტის, თამარ კერძაიას ხელმძღვანელობით განხორციელდა.
რა იყო კვლევის მიზანი?
სამეცნიერო კვლევის მიზანი იყო, სამართლებრივად შეგვეფასებინა, აქვთ თუ არა სახელმწიფოებს უფლება, სავალდებულო გახადონ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ან დააწესონ ცალკეული რეგულაციები, რაც გამოიწვევს განათლების, მუშაობის, გადაადგილების და სხვა უფლებათა შეზღუდვას იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც უარს განაცხადებენ სავალდებულო ვაქცნაციაზე. ჩაითვლება თუ არა აღნიშნული, მოქალაქეთა უფლებების დარღვევად და რამდენად შეიძლება ინდივიდის უფლებაში მსგავსი ჩარევა გამართლებულ იქნას საზოგადებრივი ჯანრმთელობის დაცვის ინტერესებით.
რის საფუძველზე განხორციელდა კვლევა?
იმისათვის, რომ დაგვედგინა, შეუძლიათ თუ არა ქვეყნებს სავალდებულო გახადონ ვაქცინაცია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, უნდა გაგვერკვია საკითხი იმის შესახებ, იწვევს თუ არა ინდივიდის ნების საწინააღმდეგოდ მისი ვაქცინაცია, მისი უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებაში ამგვარი ჩარევა (ვაქცინაცია მისი ნების წინააღმდეგ) შეიძლება თუ არა, იყოს გამართლებული მოცემულ ვითარებაში კოვიდ ინფექციასთან მიმართებით.
საქართველოში, ისევე, როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, უმაღლესი იერარქიის ნორმატიულ აქტებს წარმოადგენს საერთაშორისო კონვენციები და ადგილობრივი კონსტიტუციები, რომელთა დაცვის ვალდებულებაც ეკისრებათ მათ ხელმომწერ სახელმწიფოებს. საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, გარდა იმისა, რომ იცავს ადამიანის უფლებებს, ადგენს იმ კრიტერიუმებს, როცა ინდივიდის კონვენციით გარანტირებულ უფლებაში ჩარევა შეიძლება იყოს გამართლებული დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ბუნებრივია, კონვენცია კონკრეტულად კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე არაფერს ამბობს, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ აღნიშნული კონვენციების მიღების დროისთვის ეს ინფექცია არ არსებობდა და მეორე იმიტომაც, რომ იგი ისინი ზოგადი ხასიათისაა. კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით კი, საერთაშორისო ტრიბუნალები იღებენ გადაწყვეტილებას და სწორედ მათ მიერ კონვენციის ცალკეული მუხლის განმარტება იძლევა საშუალებას, გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. ამდენად, კვლევის მიზნებისთვის, შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა საერთაშორისო ტრიბუნალების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ამ მიზნით, მნივნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა სტრასბურგის უახლესმა გადაწყვეტილებამაც, სადაც სასამართლომ სწორედ სავადებულო ვაქცინაციაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა (CASE OF VAVŘIČKA AND OTHERS v. THE CZECH REPUBLIC).
როგორც შრომის სამართლის ექსპერტი და ახალი შრომის კოდექსის შემუშავებაში უშუალოდ ჩართული პირი, როგორ შეაფასებთ ცალკეული ორგანიზაციების მიერ მათი დასაქმებულებისათვის ვაქცინის სავალდებულოდ მოთხოვნას?
აქტუალური შეკითხვაა. გასაგებია, რომ ორგანიზაციები ცდილობენ, უსაფრთხო გარემო შექმნან თავიანთი მომხმარებლებისთვის და თავად დასაქმებულებისთვისაც. შესაბამისად, მათი სურვილი, აცრილი იქნას ყველა მათი თანამშრომელი, სრულიად გონივრულია. თუმცა, ასეთ მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება საკანონმდებლო საფუძველი. ასეთი რეგულაცია საქართველოში ჯერ დადგენილი არ არის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამდენად, ვიდრე შესაბამისი სამართლებრივი აქტით არ დადგინდება ვაქცინის სავალდებულოობა მოსახლეობისთვის ან ცალკეული მიზნობრივი ჯგუფებისთვის, ვერცერთი დამსაქმებლის მოთხოვნა, აიცრას მისი თანამშრომელი, ვერ ჩაითვლება კანონიერად.
უფრო კონკრეტულად, ვინაიდან ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულოდ არ არის დადგენილი შესაბამისი საკანონმდებლო აქტით, ვაქცინაზე უარის თქმის გამო პირის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან, ჩაითვლება საქართველოს შრომის კოდექსის იმ ნორმების დარღვევად, რომელიც ამომწურავად ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს.
ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის ახალი თანამშრომლის სამსახურში აყვანაზე მისი აუცრელობის მიზეზით, დამსაქმებლის ეს ქმედება ასევე უნდა მივიჩნიოთ შრომის კოდექსის, კერძოდ, კი, დისკრიმინაციის ნორმების დარღვევად. შრომის კოდექსი განსაზღვრავს, რომ დისკრიმინაციად ჩაითვლება ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
საჭიროა თუ არა პირის თანხმობა მისი ვაქცინირების დროს?
ვაქციანცია წარმოადგენს სამედიცინო ჩარევას. ასეთ დროს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სამედიცინო მომსახურების გაწევისას, აუცილებელია პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) თანხმობა. აღნიშნული წარმოადგენს პირის პირადი ცხოვრების (ფიზიკური ხელშეუხებლობის) უფლებას. იგი დაცული და გარანტირებულია მრავალი ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი კონვენციებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მის არაერთ გადაწყვეტილებაში, მიუთითებს, რომ პაციენტის თანხმობის გარეშე მის სხეულში სამედიცინო ჩარევა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მცირე მნიშვნელობისაა, არღვევს ინდივიდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. უშუალოდ ვაქცინასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ პირის ვაქცინაცია მისი ნების საწინააღმეგოდ წარმოადგენს ჩარევას მისი ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებაში (CASE OF SOLOMAKHIN v. UKRAINE).
ამასთან, გარდა ინდივიდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა, არსებობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები, რომლის დაცვის ვალდებულებაც ასევე აკისრიათ სახელმწიფოებს კონსტიტუციითა და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციით. მოცემულ ვითარებაში, კოვიდ 19-ის ინფექციის გადამდები და სწრაფად გავრცელებადი ხასიათიდან გამომდინარე, ინდივიდის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის თქმა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ პირადად მის ჯანმრთელობას, არამედ მის ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც. არავაქცინირებული ადამიანი ქმნის დაავადების გავრცელების დიდ რისკს და ამით საფრთხის ქვეშ აყენებს მთელი საზოგადოების ჯანმრთელობას. ეს არის იმგვარი მოცემულობა, სადაც ინდივიდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას (თავად მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინაციის შესახებ) უპირისპირდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები (თუ არ აიცრება ცალკეული ინდივიდი, საერთო საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ადგება ზიანი).
სად გადის ზღვარი ინდივიდის უფლებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს შორის?
მთავარი ამოცანაა, არ დაირღვეს ბალანსი და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით შეფასდეს, თუ რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, ინდივიდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რაც გულისხმობს მათ შორის უფლებას, უარი თქვას ვაქცინაზე, თუ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებს, რომლის უზრუნველყოფაც შეუძლებელია მოქალაქეთა ვაქცინაციის გარეშე.
განხორციელებული კვლევის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა, (მისთვის ვაქცინაზე უარი თქმის უფლების შეზღუდვა), შეიძლება იყოს გამართლებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უპირატესი ინტერესებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს გარემოებათა იმგვარი ერთობლიობა, როცა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები შესაძლოა წონიდეს ცალკეული ინდივიდის პირადი ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას.
შეიძლება თუ არა ქვეყნებმა დაადგინონ სავალდებულო ვაქცინაცია და რა შემთხვევაში?
დიახ, სახელმწიფოებს შეუძლიათ, დაადგინონ სავალდებულო ვაქციანაცია მოსახლეობისთვის ან ცალკეული მიზნობრივი ჯგუფებისთვის იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზე იქნება შემდეგი წინაპირობები: ინფექციის გავრცელების გათვალისწინებით, ვაქცინაცია უნდა წარმოადგენდეს ქვეყანაში ინფექციური დაავადების გავრცელების კონტროლის აუცილებელ ღონისძიებას (აღნიშნულის შესახებ სახელმწიფოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს/რეკომენდაციებს); მოსახლეობის ან მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაციის სავალდებულოობა უნდა დადგინდეს ქვეყნის შიდა კანონმდებლობით; ვაქცინა რეგისტრირებული და მისი სანდოობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ; და ბოლოს, ვაქცინაცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი გაიდლაინების დაცვით, განსაკუთრებით, სამედიცინო ჩარევამდე სამედიცინო პერსონალმა უნდა დაადასტუროს ვაქცინის უკუჩვენების მდგომრეობის არ არსებობა, პაციენტის შესაბამისი გამოკვლევის შედეგად.
რა ხდება ბავშვების შემთხვევაში? შეიძლება თუ არა, მომავალში, ბავშვების ვაქცინაციაც გახდეს სავალდებულო?
ბავშვების სავალდებულო ვაქცინაციის შემთხვევაშიც, ის წინაპირობები, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, სავალდებულოა, იყოს სახეზე. პრინციპი აქაც იგივეა: თუ ბავშვი აუცრელია, იგი საფრთხეს უმნის არამხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ სხვა ბავშვების ჯანმრთელობასაც. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არა ყველა შემთხვევაში შეიძლება, მივიჩნიოთ მოქალაქეთა, მათ შორის, ბავშვების სავალდებულო ვაქცინაცია გამართლებულად, არამედ, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით.
თუ ქვეყანაში სავალდებულო გახდება ბავშვების ვაქცინაცია, შეიძლება თუ არა, მოსწავლეებს უარი ეთქვათ სასწავლო დაწესებულებაში მიღებაზე?
ეს დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობაზე. ამ საკითხის განხილვისას უნდა ვიხელმძღვანელოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებით (2021 წლის 8 აპრილი), რომელიც სწორედ ბავშვების სავალდებულო ვაქცინაციას უკავშირდება. საქმეში ვავრიჩკა და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მშობლების განაცხადი, რომლითაც ისინი სადავოდ ხდიდნენ ჩეხეთის კანონმდებლობას, რომლის შესაბამისადაც, განმცხადებლის შვილები არ მიიღეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულო ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო.
აღნიშნულ საქმეში მშობლები ამტკიცებდნენ, რომ ჩეხეთის რეგულაციები ეწინააღმდეგებოდა მათ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, კერძოდ, სამედიცინო ჩარევაზე უარის თქმის უფლებას და რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის თავისუფლებას. განმცხადებლები ხაზს უსვამდნენ, რომ ვაქცინას გააჩნდა რეალური და პოტენციური გვერდითი მოვლენები. მშობლების მოსაზრებით, ისინი ხელმძღვანელობდნენ თავიანთი შვილების საუკეთესო ინტერესებით. მიზეზი, რატომაც ისინი უარს აცხადებდნენ ბავშვების ვაქცინაციაზე, განპირობებული იყო შიშით, რომ ვაქცინის გვერდითი მოვლენების გამო, შესაძლებელი იყო ბავშვების ჯანმრთელობის გაუარესება. განმცხადებლები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ბავშვებს ადგებოდათ სერიოზული ზიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე, აცრაზე უარის თქმის გამო და ისინი იყვნენ დისკრიმინაციის ობიექტები.
აღნიშნულ საქმეზე მსჯელობისას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ჩეხეთის ვაქცინაციასთან დაკავშირებული შეზღუდვები უნდა შეფასდეს, როგორც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო პაციენტის უფლებებში ცალკეული ჩარევა გამართლებული იქნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური მნიშვნელობით. ამდენად, ჩეხეთის რესპუბლიკის სადავო რეგულაცია, რომელიც ადგენს სავალდებულო ვაქცინაციას, მათ შორის ბავშვებში, შეფასდა, როგორც „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ და შესაბამისად - კანონიერი.
კვლევის ნახვა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალ " Biomedical and Medical Sciences"-ში, რომლის მთავარი რედაქტორია პროფესორი მაკა მანწკავა.
BIOMED-ის საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება. წელს კონფერენცია მიმდინარეობდა კომბინირებულ ფორმატში: face to face, ცივი და ცხელი zoom-, ტელეხიდის მეშვეობით და meet-პლათფორმაზე. კონფერენციის მასალები გამოიცა კრებულად, რომელსაც გააჩნია DOI და განთავსებულია სამეცნიერო ბაზებში თავისუფალი წვდომის რეჟიმში. კონფერენციის პროგრამა აკრედიტირებულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და ლიცენზირებულია ევროპის კვლევების საბჭოს მიერ.